თოლია–თეოს ყვითელი იები, მეგობარი მზე და მეგობარი ფიფქები ანუ როგორ იშვა სიყვარული დედამიწაზე

(სა–შობა–ო ზღაპარი)

“მთელი ჩვენი ბავშვობა მხოლოდ მოგონება ან გახსენებაა

იმ დროისი, როდესაც ბავშვიც კი არ ვიყავით და ვინ იცის სად ქროდა

ჩვენი მშფოთვარე სული. მთელ  დანარჩენ ცხოვრებას კი  (მოზარდობის, შუახნის და სიბერის ჟამს) მხოლოდ ბავშვობის პერიოდის  გახსენება–მოგონებას ვუთმობთ და შეიძლება ითქვას ამით ვცოცხლობთ, ამით ვარსებობთ და ყველას გულში, ძალზე ღრმად, ძალზე მალულად, ძალზე სათუთად შენახულ–დამარხულ–მიკუნჭულია ერთი უპრეტენზიო, მოკრძალებული ოცნება: ნეტავ როდესმე/ოდესღაც ბავშვობა კიდევ გამოგვეცადოს, ბავშვად დავბადებულიყავით ისევ და ახალი ბავშვური შემართებით, ახალი განცდებით, ახალი გრძნობებით კიდევ მოგვასმენინა/წაგვეკითხა ზღაპრები შობაზე.“

სადღაც ამოკითხული მოსაზრება, რომელიც იმ

„უფროს“ ეკუთვნის, რომელსაც ვერაფრით ვერ

დაუვიწყებია საკუთარი ბავშვობა და ჰგონია სხვებიც

ვერ ივიწყებენ. ვინ იცის იქნებ არც სცდება.

როგორც  ყველა ზღაპარი ესეც  „იყო და არა იყო რა“ – თი მინდა დავიწყო, თუმცა გარწმუნებთ, რომ ნამდვილად არსებობს, ცხოვრობს ერთი დიდ თვალება გოგო რომელსაც არც მეტი და არც ნაკლები – თოლია ქვია! (ამ შემთხვევაში მხოლოდ „იყო“ ან „არის“ გამოგვადგება, რადგან „არა იყო რა „ არ ყოფნას აღნიშნავს, გოგონა კი ნამდვილად არსებობს და ეს ამბავი ნამდვილად გადახდა თავს. როგორ დაგარწმუნოთ რომ ნამდვილად არსებობს? როგორ და აი, ამ წუთასაც გვერდზე მიდგას და გულიანად იცინის, უხარია რომ მასზე ვწერ).

როდესაც თოლიაზე ვწერ, სულ მინდა თავიდანვე აღვნიშნო, რომ თოლია და მზე მეგობრები არიან, ერთმანეთი ძალიან უყვართ და ამას გოგონა სრულიად სერიოზულობით გეტყვით. იმასაც კი მოგიყვებათ, როგორ და სად გაიცნო მზე და როგორ დამეგობრდნენ, როგორ შეუყვარდათ ერთმანეთი.

თოლიას ჩვენ თეოს ვეძახით მოფერებით და მასაც ძალზე მოსწონს ეს სახელი, განსაკუთრებით თუ ასე მივმართავთ: თოლია–თეოვო…

იმის გამო რომ თოლიას ღიმილი და სიხარული ამ ქვეყნად შეუფასებელია, ამ ზღაპარში ასე მოვიხსენიებ მეც.

მართლაც, რომ დამერწმუნეთ, არავის არ გექნებათ ნანახი თოლია–თეოს სიცილზე უფრო უკეთესი რამ. რომ იცინის პირიდან სულ იები სცვივა, თანაც ყვითელი იები. როდესაც გავიკვირვე, სად გაგონილა ყვითელი იები მეთქი, თოლია–თეომ ასე ამიხსნა:

– რა გასაკვირია, მე ხომ მზის მეგობარი ვარ და ამიტომაა მზისფერი ჩემი იებიო.

 თეოს სახლი ზამთარ–ზაფხულ, შემოდგომა–გაზაფხულ, სულ იებითაა მოფენილი, აღარ ვიცით სად წავიღოთ მისი სიცილის დროს კონა–კონა გადმოვარდნილი იები. არადა თოლია–თეოს როგორ უყვარს სიცილი! სულ იცინის და იცინის, მზისფერი იებიც სულ ცვივა და ცვივა! თან ისეთი დამატკბობელ–დამათრობელი სურნელი აქვს თეოს სიცილის იებს, ასეთი სურნელიც მერწუნეთ, არასდროს და არსად არ გიგრძვნიათ.  გოგონას სახლის იატაკი, კედლები, ჭერი სულ ყვითელი იებით აქვს მოფენილ–შემკული. თქვენ წარმოიდგინეთ, ახალ წელსაც კი მის სახლში ყვითელი იების უზარმაზარი ნაძვის ხე იდგმება, უფრო სწორედ ისე უხარია ხოლმე ახალი წლის მოსვლა, იმდენს იცინის, იმდნს უვლის ჩვეულებრივ მწვანე ნაძვის ხეს, იმდენს ცეკვავს მის გარშემო, რომ ცოტა ხანში ნაძვის ხე მზისფერი იებით იმოსება და ირთვება. საბოლოოდ კი  ისე ბრწყინავს, ისე კაშკაშებს ყვითელი ნაძვის ხე,  რომ სრულიად ზედმეტია მისთვის საახალწლო მოასართავებით და ნათურებით მორთვა.  

გასაოცარია, რომ თოლია–თეოს სიცილის ყვითელი იები არასდროს არ ჭკნება და ამიტომაა  ამდენი და ასეთი ლამაზი, ასეთი მზისფერი და ასეთი მბრწყინავი.

თოლია–თეოს იმხელა თვალები აქვს, რომ მის ფონზე პირიც და ცხვირიც ძალზე პატარა მოუჩანს. თვალები ლურჯი აქვს, ცასავით და ზღვასავით. როგორც თვითონ ამბობს ერთხელ თურმე იმდენ ხანს იყო მიშტერებული ცას, იმდენ ხანს ელოდებოდა  მზეს (მოღრუბლული ამინდი ყოფილა), რომ ცისფერი აურეკლავთ და სამუდამოდ დაუტოვებიათ კიდეც თეოს დიდრონ თვალებს.

წესით თოლია–თეოს ზამთარი არ უნდა უყვარდეს, რადგან ზამთარში ხომ მზე ისეთი კაშკაშა და ყვითელი არ არის როგორც ზაფხულში ან წელიწადის სხვა დროს. თანაც ზამთარში მზე ისვენებს, ან ხანდახან ჩასთვლემს ხოლმე  და გოგონასთვის ისე ვეღარ იცლის. მაგრამ ზამთარში თოლია–თეოს სხვა ზამთრის მეგობრები ყავს,  ფიფქები, რომლებიც ზამთრის დადგომისთანავე, პირველ თოვლს მოყვებიან და ერთი სული აქვთ როდის შეხვდებიან თავიაანთ პატარა დიდთვალება მეგობარს.

გოგონა გრძნობს, ზუსტად იცის როდის უნდა ესტუმრონ  თეთრი, გამჭვირვალე, ფაფუკი და ულამაზესი ზამთარს მოყოლილი პატარა არსებები, ამიტომ მთელი ღამე ვერ იძინებს მოლოდინისგან, ერთი სული აქვს მიეფეროს, მოიკითხოს, ჩაეხუტოს მონატრებულებს.  როგორც კი ინათებს და  თოლიას მეგობარი მზე თითის წვერებზე აიწევა, რომ ქვეყანას ცალი თვალით მაინც გადმოხედოს, თეო პერანგის ამარა დგება საწოლიდან, მივარდება ფანჯარას, თავის ყვითელი მეგობარივით ისიც აიწევა, აიწევა თითის წვერებზე, რომ  ცალი თვალით მაინც შეხედოს მოფარფატე თეთრ მეგობრებს, მიაჭყლიტავს მინას თავის პატარა ცხვირს და სიხარულისგან იცინის და იცინის, ყვითელი იები კი ცვივა და ცვივა. ოთახი საოცარი სურნელებით და საოცარი ხმებით, თეოს სიცილით ივსება. 

ამ დროს მიყვარს სწორედ თოლია–თეოს დანახვა. გრძელი, თავის ზომაზე ორჯერ დიდ პერანგში ისეა გახვეული, შეფუთული, რომ  ძლივს უჩანს სახე და ორი პატარა ჩალისფერი ნაწნავი, რომელიც ისეა აბურძგნული, ძლივს მიხვდებით, რომ ეს აბურძგნული თმა წინა დღეს კოხტად დაწნული ნაწნავები ყოფილა. ტიტველი ფეხები პერანგიდან გამოჩრილა და იატაკზე დატყაპუნობს. გარშემო კი მზისფერი იებითაა სავსე იქაურობა.

იღვიძებს თოლია–თეო და სახლიც წამსვე ფეხზეა, განსაკუთრებით მაშინ როდესაც თოვლი პირველად მოდის. 

თოლია–თეო ჯერ პირს იბანს, საგულდაგულოდ იხეხავს კბილებს, თან ეცინება და პირსაბანი ნიჟარა წამში იებით ივსება. შემდეგ  თმებს იწნავს, რა თქმა უნდა ორ ნაწნავს, წითელი  ბაფთებით იმაგრებს და ისევ იღიმის.  

თეო მხოლოდ ვარდისფერ ნამცხვრებით იკვებება, რა აღარ სცადეს მისმა მშობლებმა რა საჭმელი აღარ დაუმზადეს, რა ნუგბარი აღარ მოუტანა მასზე მზრუნველმა მამიკომ,  რომ როგორმე  ცოტა მაინც გაესინჯა, მაგრამ ამაოდ, თოლია თეო სადილად, სუზმედ და ვახშმად მხოლოდ პაწაწინა, აუცილებლად ვარდისფერ კრემიან ნამცხვრებს მიირთმევს. არც არის გასაკვირი იმ გოგონასგან, რომელსაც სიცილის დროს ყვითელი იები სცვივა, ხოლო მისი საუკეთესო მეგობრები მზე და ფიფქები არიან.

თეო ჯდება მაგიდასთან, ფეხებს  სკამს ურტყამს  და გემრიელად შეექცევა მხოლოდ მისთვის დამზადებულ,  ვარდისფერი კრემით მორთულ პატარა ნამცხვარს.

ჭამას ისე სწრაფად ამთავრებს,  რომ თვითონაც უკვირს.  ვეღარ იცდის,  ერთი სული აქვს თავის მეგობრებს გამოელაპარაკოს.  სასწრაფოდ იცვამს თბილ, შალის კაბას, მუხლებამდე წითელ ბოტებს, ჭრელ კაშნეს ისე ახვევენ, რომ ცხვირი საერთოდ აღარ უჩანს, წითელ ბერეტს შუბლზე იფხატებს და გარეთ ცარიელა ლურჯი თვალები და ჩალისფერი ნაწნავებიღა გადის. კი არ გადის, გარბის, კიბეზე სწრაფად ეშვება, სამ საფეხურს ერთბაშად ახტება, შემდეგ კიბის სახელურზე მოექცევა და სრიალით ჩაუყვება კარებისკენ.  სახლის შემოსასვლელსაც  ყვითელი იებით ავსებს, რომლებსაც შემდეგ მეზობლები აგროვებენ და საკუთარ ოთახებს ალამაზებენ, არ არსებობს მისი ერთი მეზობელიც კი, რომ სახლში სულ პატარა ლარნაკი მაინც არ ქონდეს სავსე თოლია თეოს სიცილის დროს გადმოვარდნილი მზისფერი იებით. როდესაც შუქი ქრება ან ღამეა, სიბნელეა, ეს იები ისე ანათებენ, თითქოს სახლში თვით მზე შემოიჭრაო. ასეთია მისი საჩუქარი, ვინც მზეს დაუმეგობრდა.  მზე ყველას კი არ ირჩევს საკუთარ მეგობრად, ასეთები ძალზე  ცოტანი არიან და ასეთია ჩვენი თოლია თეოც.

თეოს თავის დიდი გამადიდებელი შუშა  მიაქვს, ფიფქებს ასე  უკეთ ეკონტაქტება, რადგანაც ფიფქის ყველა ნაწილს, ყოველ ქიმს თუ  უწვრილეს ნაწილაკს კარგად ხედავს. აბა მეგობარი რისი მეგობარია თუ ის კარგად არ შეათვალიერე, მერე კომპლიმეტიც ხომ უნდა უთხრა, ვაი რა კარგად გამოიყურები დღესაო? თანაც როცა პირველად მოვა და წყალივით სჭირდება ერთგული მეგობრისგან ამ სიტყვების მოსმენა.

როგორც კი სადარბაზოს კარებს გასცდა თოლია–თეო მაშინვე შემოესმა წკრიალა ხმა, თითქოს ათასი, არა მილიონი პატარა ზანზალაკი რეკავს ერთადო:

  • თეო, თოლია–თეო  მოსულა, თოლია–თეო  მოსულა მზის და ფიფქების მეგობარიო.

ყოველთვის ასე ეგებებოდნენ და დღესაც ასე ეგებებიან ფიფქები საკუთარ და მზის მეგობარს თოლია–თეოს. აბა კარგად დაუკვირდით პირველი თოვლის მოსვლისას, თუ ყურადღებით დაუგდებთ ყურს, თქვენც გაიგონებთ ამ საოცარ ხმას. ოღონდ უნდა შეეცადოთ,  ისე დაუგდოთ ყური, რომ ირგვლივ სხვა არაფერი, აღარ გესმოდეთ, არც მანქანების ხმა, არც ბაშვების ჟრიამული, არც მშობლების ძახილი,  მხოლოდ ფიფქებს, პატარა ზანზალაკების მაგვარ წკრიალს  უნდა მიუგდოთ ყური.

და მაშინვე გაიგონებთ მონოტონურ, გაბმულ  ფიფქების სიმღერას:  თოლია–თეო დავინახეთ,  თოლია თეო გვესტუმრა!

თოლიამ გულიანად გაუღიმა, გოგონას დანახვაზე აჟრიამულებულ  ფიფქებს, ყვითელი იების კონებიც მაშინვე გადმოვარდნენ მისი პირიდან, რომლებიც მოჭარბებული სიხარულისგან ფიფქებმა აიტაცეს .

იმ დღეს, თეთრ ფიფქებთან ერთად ყვითელი იებიც ცვიოდა, ჩემი თვალით ვნახე. თუმცა ზოგიერთი იძახდა, რომ ყვითელი ყვავილები კი არა მზის სხივებით გაოქროსფერებული ფიფქებიაო, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ თოლია თეო იცინოდა იმ დროს. როცა სადმე ყვითელ ფიფქებს მოკრავთ თვალს, ფიფქებში არ აგერიოთ, კარგად დააკვირდით იქნებ ხელთ თოლიას სიცილის დროს გადმოსროლილი და შემდგომ ფიფქების მიერ  ატაცებული მზისფერი იები შეგრჩეთ .

თოლია თეოს გარშემო უამრავი ფიფქი შემოეხვია და ერთად გაეშურნენ დიდი ხის ქვეშ, რომელიც მრავალი წელია თეოს ეზოში დგას. მეგობრები ხის ქვეშ სხდებიან  და ფიფქები გოგონას  იმ ამბებს უყვებიან, რაც თავის თვალით უნახიათ  ან გადმოცემით მოუსმენიათ საკუთარი   ბებია პაპასაგან, რომლებიც აგრეთვე ჯერ  წყლის წვეთები, შემდეგ კი ფიფქები იყვნენ.

            თეომ კარგად უწყოდა  თუ  როგორ ჩნდებოდნენ ფიფქები, რომ ოდესღაც ოკეანეებთან, ზღვებთან, მდინარეებთან ერთად ცხოვრობდნენ, მათ  უზარმაზარ სხეულებს შეადგენდნენ, ტალღებად წარმოიქმნებოდნენ, ბობოქრობდნენ, შემდეგ კვლავ ისეთ სიმშვიდეს უბრუნდებოდნენ, თითქოს არასდროს არ ებობოქრათ, არასდროს არ გაერღვიათ  საზღვრები, არასდროს არ ჩაეყლაპათ უზარმაზარი გემები..  ეს ყველაფერი კარგად იცოდა თოლია თეომ, ისიც იცოდა, რომ მისი მეგობარი ფიფქები, ოკეანის წყლად ყოფნის დროს გოგონას მოსახელე ჩიტებსაც – თოლიებს  იცნობდნენ, ფსკერზე მოცურავე ტანხატულა თევზებსაც და ოქროსფერ, მწვანე ფარფლა–კუდიან, უმშვენიერეს სირინოზებსაც. მათზე უამრავი რამ მოესმინა თოლია თეოს.  სირინოზების საოცარი სიმღერები – ფიფქების მიერ მოყოლილი თუ მოტანილი ზეპირად იცოდა კიდეც. მღეროდა ხოლმე თეო უცნაურ, გაუგებარ ენაზე სიმღერებს, შეეძლო მთელი დღე ემღერა, ჩვენს შეკითხვაზე თუ რას მღეროდა და რა ენაზე, თეო მხოლოდ იცინოდა და აფრქვევდა თავის ყვითელ იებს.  

ზღვის, ოკეანის თუ მდინარეების წვეთებს სანატრელ ფიფქად ქცევაში თეოს მეგობარი მზე ეხმარებოდათ. აიწეოდა, აიწეოდა თითებისწვერებზე მზე, დააცხუნებდა, ისე დააცხუნებდა თითქოს ცეცხლი ეკიდა ყველაფერსო. თავის მცხუნვარე სხივებს ოკეანეებშიც, ზღვებშიც თუ მდინარეებშიც გასტყორცნიდა, გაგზავნიდა და შემდეგ ამ სხივებს მიჰყავდათ მზესთან ფიფქებად ქცევის სურვილით შეპყრობილი წვეთები. (თურმე ყოველი წყლის წვეთის ოცნება და მიზანი ფიფქად ქცევა ყოფილა! ასე უთხრეს ფიფქებმა გოგონას, ყოველი წვეთი ოდესმე აუცილებლად იქცევა ფიფქად). ხოლო მზესთან მოხვედრილი წვეთები, ფაფუკი ღრუბლების დახმარებით უკვე ულამაზეს, მრავალ წახნაგა ფიფქებად გადაიქცევიან, ზამთრის დადგომისთანავე კი მათ დედამიწაზე აგზავნის მზე, რომ დაფიფქონ ხეები, ქუჩები, ფანჯრები, სახლის სახურავები. მათ მზისგან კიდევ ერთი დავალება აქვთ:  იპოვონ მზის მეგობარი თოლია თეო და მოუყვნენ საინტერესო ამბები, ფიფქების მიერ ნანახი და მოსმენილი. ასევე გადაეცათ მზისგან მოკითხვა. ამიტომ იყო, რომ მათ თეო მთელი წელი ელოდებოდა და პირველ თოვლს ამხელა სიხარული მოჰქონდა გოგონასთვის.

            მას შემდეგ რაც თოლიამ, თავის ხის ტარიან გამადიდებელი შუშით სათითაოდ დააკვირდა მის გარშემო მოფარფატე ყველა ფიფქს, ყოველი მათგანი კომპლიმენტებით აავსო და ყოველ მათგანს ქიმები, წახნაგები  დაუთვალა, კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ არ არსებობდა ორი ერთნაირი ფიფქი. ამის შემდეგ გოგონამ ფიფქებს განუცხადა:

  • ძლივს ვითმენდი, ერთი სული მაქვს გაჩვენოთ, მთელი ზაფხული ვაგროვებდი… – და გამალებით დაუწყო მიწას თხრა. ფიფქებს გაუკვირდათ, ფიფქვას მოუმატეს, აწრიალდნენ…
  • თოლია–თეო, თოლია–თეო, რატომ თხრი მიწას? – რატომ თხრის, რატომ თხრის, იმეორებდა ექო.
  • ზაფხულში ყვავილები შევინახე თქვენთვის და მინდა გაჩვენოთ… კისკისებდა გოგონა.

საოცარია ფიფქების სიხარული, რაღაცნაირად  იბერებიან, უფრო ქათქათები და დიდები ხდებიან… ვერ იჯერებდნენ, რომ თუ ოდესმე დადგებოდა დრო, როდესაც საკუთარი თვალით იხილავდნენ ნამდვილ, ზაფხულის ყვავილებს, თეოს მიერ საგულდაგულოდ შენახულს ღრმად მიწაში.

თოლია თავის პატარა ნიჩბით (რომელიც წინასწარ, წინა დღეს მოემზადებინა, ხომ გრძნობდა რომ აუცილებლად მოვიდოდა პირველი თოვლი) გამალებით თხრიდა შავ, სველ მიწას. უცებ ნიჩაბი რაღაცას მოხვდა და თეომაც თხრა შეწყვიტა, დაიხარა პატარა, ამოთხრილ ორმოსთან და ფრთხილად ამოიღო მინა, რომელიც საგულდაგულოდ ჩამარხულ, შენახულ ყვავილებს ზემოდან ეფარა. მინის შემდეგ კი ერთმანეთის მიყოლებით სათუთად ამოალაგა: სამი ცალი ვარდი –  ერთი წითელი, ერთიც თეთრი და ერთიც ყვითელი ნარინჯისფერი წინწკლებით. სამი გვირილა თეთრ ფურცლიანები და ყვითელ გულიანები, მზესავით მბრწყინავი და თეოს იებივით ყვითელი მზესუმზირას ყვავილი (თეოს ეს ყვავილი განსაკუთრებით უყვარდა, თავის მეგობარს აგონებდა),  ჭიამაიას კაბასავით წითელი ყაყაჩო და ბოლოს ულამაზესი დუმფარას ყვავილი, რომელსაც წყლის შროშანასაც უწოდებენ, ხოლო ძალიან, ძალიან ადრე მას გედის ყვავილს ეძახდნენ.

(თქვენც შეგიძლიათ მიბაძოთ თოლია თეოს და როდესაც ძალიან, ძალიან მოგენატრებათ ზაფხულის ყვავილები ზამთარში, დატკბეთ მათით).

თოლია თეოს ირგვლივ უცებ პატარა წალკოტი, ყვავილების ბაღი გაჩნდა, უამრავი ყვავილით, ყვითელი იებით და მის გარშემო მოფარფატე გახარებული თოვლის ფანტელებით.

ეხლა ჯერი ფიფქებზე მიდგა, ეხლა ფიფქებს უნდა გაეოცებინათ პატარა, სიცივისგან ლოყებ აწითლებული გოგონა, რომელსაც სიცილის დროს ყვითელი იები სცვიოდა, მზის მეგობარი იყო და ჩალისფერი ნაწნავები დაწვნიდან სულ რაღაც თხუთმეტ წუთში ეშლებოდა, თანაც ისე რომ ძლივს მიხვდებოდით, ეს აბურდული თმა ოდესღაც ნაწნავები თუ იყო, ამიტომ მისი გაოცება არც თუ ისე ადვილი საქმეა  (პირადი გამოცდილებიდან).

დიდი ფუსფუსის, აურზაურის შემდეგ ფიფქებმა მოთათბირება დაიწყეს, რა უნდა მოეყოლათ, რა ამბავს უნდა გაეოცებინა, რას უნდა აევსო სიყვარულით და სიკეთით პატარა თეოს დიდი გული, რომელიც უამრავ რამეს იტევდა და პირდაპირ კავშირში იყო იმ ამბავთან – მაინც და მაინც თეოს, რომ დაუმეგობრადა მზე.

 ერთი ყველაზე უფრო თეთრი და ყველაზე მეტ წახნაგა ფიფქი, რომელიც რაღაცით ვარსკვლავასც წააგავდა, თოლიას მიერ ზაფხულში, ზამთრის ფიფქებისთვის შენახულ, ნარინჯისფრად დაწინწკლულ, ყვითელი ვარდის ფურცელზე ჩამოჯდა, მომხიბვლელად, თანაც მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა და დაიწყო, (არ გაქვთ ნანახი ფიფქების მომხიბვლელი და მრავალმნიშვნელოვანი ღიმილი? აბა კარგად დააკვირდით) დაიწყო იმ ამბის მოყოლა, ოდესღაც დედამიწელებს (ანუ ჩვენ, ადამიანებს) სიყვარული როგორ მოევლინათ, სიყვარული როგორ იშვა, როგორ დაიბადა ადამიანად და როგორ გვიხსნა, ჩვენ – ადამიანები უსიყვარულობისგან.

თოლია–თეო ყურადღებით უსმენდა, მისი დიდი გულიც უკვე მზად იყო ადამიანად მოველნილი სიყვარული მიეღო. უფრო საინტერესო იქნება თუ თვითონ ამ მრვალწახნაგა, ვარსკვლავის მაგვარ ფიფქს დავუგდებთ ყურს, რომელსაც ეს ამბავი დიდი ბებიებისგან, იმ დიდ ბებიებს კიდევ თავის დიდი ბებიებისგან, მათ კიდევ საკუთრ დიდი–დიდი ბებიებისგან ჰქონია გაგონილი. ყველაფერი კი ასე დაიწყო:

–ძალიან, ძალიან ადრე, საუკუნეების, უამრავი წლის, უფრო მრავალი თვის  და დაუთვლელი დღის წინ თურმე ერთ პატარა ქალაქში, ერთი პატარა სათნო, კეთილი გოგონა ცხოვრობდა რომელსაც მარიას ეძახდნენ. მარიას ულამაზესი თვალები ჰქონია, გრძელი ჭრილით და თაფლისფერი, თბილი თვალებით. ამბობდნენ მომაჯადოვებელი ძალა აქვთო მარიას თვალებს, ვინც უყურებდა თურმე თვალს ვეღარ აშორებდა. მათი მაყურებლები, მაცქერლები ვეღარ გრძნობდნენ როგორ გადიოდა დრო და თავით ეშვებოდნენ მარიას თვალების თაფლისფერ სიღრმეებში. მერე როგორც თავად ამბობდნენ, სულ სხვა სამყაროში ვიყავითო, სულ სხვა სამყარო ვიგრძენით და ვნახეთო, ძალიან მანათობელი და ოქროსფერი სამყაროვო. იმის გამო რომ მარია კეთილი გოგონა იყო და არ არსებობდა არც ერთი არსება (არა მხოლოდ ადამიანი) რომ მისთვის გოგონას ცუდი სდომებოდა, მარია ცდილობდა თვალებში არ შეეხედა ადამიანებისთვის, რადგან ფიქრობდა, რომ სამსახურს, ოჯახს მოსცდებოდნენ ისინი, სამუშაოს დაკარგავდნენ და შვილები მშივრები დარჩებოდათ, ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ საკუთარ  შვილებს ვეღარ მოუყვებოდნენ ჯადოსნურ ზღაპრებს (იმ დროს არც ტელევიზორი არსებობდა და არც კომპიუტერი არ იყო ჯერ გამოგონებული, ამიტომ დედები, მამები შვილებს ზღაპრების მოყოლით ართობდნენ. ზღაპრების მარაგი რომ გამოელეოდათ თავად თხზავდნენ, იგონებდნენ და ასე გრძელდებოდა იქამდე სანამ შვილები თავადვე არ გახდებოდნენ დედები ან მამები).  ამიტომ პატარა მარია თვალებდახრილი დადიოდა მუდამ, სანამ ვინმე თვითონვე არ სთხოვდა, გეხვეწებით შემოგვხედეო, ძალიან გვჭირდება შენი ოქროსფერი სამყაროვო.

მარიას კიდევ ერთი პატარა საიდუმლო ჰქოდა, რომელიც მხოლოდ ბავშვებმა და ფიფქებმა იცოდნენ, დღესაც ეს ამბავი მხოლოდ ფიფქებმა ვიცით, რადგან ჩვენი დიდი, დიდი, დიდი, ბებიები ყოფილან შემსწრე ამ ამბებისა, ფიფქები კი არასოდეს არ იტყუებიან.

პატარა მარიას როდესაც გულით რამე უხაროდა და ეს მაშინ ხდებოდა როდესაც სიკეთეს სჩადიოდა, მაგალითად რომელიმე  პატარას (რომელსაც არც დედა ყავდა და არც მამა, ამიტომ ზღაპრებს არავინ არ უყვებოდა), მარია უამრავ ჯადოსნურ და სასწაულებით სავსე ზღაპარს მოუყვებოდა ხოლმე, მაშინ მარია იღიმებოდა და ირგვლივ უამრავ ყვითელ იებს აფრქვევდა! – როგორც შენ ჩვენო თოლიავო, – დააყოლა ფიფქმა.

გოგონა სულგანაბული უსმენდა მარიას ამბავს,  თან ხელთათამანები გაეხადა და იორთქლავდა პაწაწინა, გაყინულ თითებს.

–იქიდან გამომდინარე, რომ მარიას  ჩვენი თოლიას მსგავსად სიცილის დროს  ყვითელი იები სცვიოდა, მაშასადამე მარიაც მზის მეგობარი ყოფილაო, როგორც თეო თოლიაოო. – დაასკვნა ერთმა მსუქანმა ფიფქმა, რომელსაც ძალიან უყვარდა დასკვნების გაკეთება და ამაში რატომღაც სულ დიდებს ბაძავდა, ეს მას ძალიან სასაცილოდ წარმოაჩენდა ხოლმე. აი, ამ წუთსაც ახითხითდა თოლია თეო და ირგვლივ ყვითელი იების ბუღი დააყენა.

–დამაცადეთ ამბის მოყოლაო, – გაბრაზდა ვარსკვლავისნაირი, მრავალწახნაგა ფიფქი, მას ერგო წელს ზღაპრის მოყოლა გოგონასთვის, მთელი წელი ემზადა ამისთვის და ეხლა კიდევ ამ  მსუქანმა ფიფქმა თავის დასკვნებით სულ თავგზა აუბნია! 

–ნამდვილად მართალი ბრძანდები მსუქანო ფიფქოვო, მარია ნამდვილად იყო მზის მეგობარიაო – განაგრძო მრავალწახნაგამ ამბის მოყოლა. – დილით როდესაც კი მზე ამოვიდოდა, მარიაც მაშინვე ადგებოდა და მზეს ეგებებოდა აივნიდან, გაიზმორებოდა, გაიზმორებოდა და თავის თაფლისფერ თვალებს შეანათებდა ხოლმე. როგორც მაშინ იმ პატარა ქალაქში ამბობდნენ, სადაც მარია ცხოვრობდა, ამ დროს მარია მზის სხივებით საკუთარ თვალებს მუხტავსო, ამიტომაა, რომ მარიას როცა უყურებ თვალებში მზისფერ სამყაროში, სიოქრისფერეთში გადადიხარო, ეს მარიას თვალები კი არ არის, მზის სხივებიაო, გოგონას თვალებში მომწყვდეულიო. კიდევ ათასი ხმა დადიოდა მარიას შესახებ, ზოგიც იმას იძახდა გოგონა ჰიპნოზს უკეთებს ხალხსო. ასე იყო თუ ისე მარია განაგრძობდა ცხოვრებას, მთელი მისი არსება, მისი სხეული სიყვარულს მოეცვა.

 დადიოდა, დადიოდა მარია თავის პატარა ქალაქში და ყოველ დღე, ყოველ წამს სიყვარულს გასცემდა, სულ უფასოდ ურიგებდა შემხვდურთ სიყვარულს. სადღაც მათხოვარი ფულს ითხოვდა, ჩამოძონძილი და ჭუჭყიანი, ხელ გამოშვერილი იხვეწებოდა დახმარებას. ჩაუვლიდა მარია და მთელ თავის სიყვარულს ჩაუღვრიდა გამოწვდილ ხელში. მარიას გაცემული სიყვარული ისე ჩაეღვრებოდა ჭუჭყიან, დაძონძილ მათხოვარს მთელ სხეულში, რომ მისი ძონძები ვეღარ ფარავდნენ, როგორ აუძგერდებოდა გული, როგორ უცემდა და რაღაც ოქროსფერიც გადაუვლიდა ხოლმე. იმ დღეს მათხოვარზე ბედნიერი არავინ არ იყო. დადიოდა მთელი დღე მარია და ასე არიგებდა სიყვარულს, რაც უფრო მეტს გასცემდა, უფრო მეტად ივსებოდა სიყვარულით. შემდეგ დაჯდებოდა თავის აივანზე, უყურებდა ჩამავალ მზეს და ათას ზღაპარს იგონებდა, ათს საოცარ ამბავს, იმ ბავშვებისთვის რომლებსაც არც დედა ყავდათ და არც მამა.

გადიოდა დრო, მარია იზრდებოდა, თვალები უფრო თაფლისფერი უხდებოდა, უფრო და უფრო უჭირდა თვალებდახრილს სიარული, უფრო და უფრო უჭირდა ის მოზღვავებული სიყვარულის შეკავება რასაც მთელი მისი არსება მოეცვა, უფრო და უფროი დიდხანს ატარებდა დროს აივანზე მზის ცქერაში. მზეც უფრო და უფრო აგვიანებდა ჩასლას, ამიტომ იმ დროს  დღეები ძალიან გრძელი იყო.

ხალხს უკვირდა, რა არის რატომ ღამდება ასე გვიანო, ბავშვებს კიდევ უხაროდათ უფრო მეტ თამაშს და ზღაპრის მოსმენას ასწრებდნენ. მშობლებმა  აღარ იცოდნენ რა ზღაპარი მოეგონათ, რადგან რაც არსებობდა და რაც გამოიგონეს ყველა ზღაპარი უკვე მოყოლილი ქონდათ. პატარები კი სულ უფრო მეტ და უფრო საინტერესო ზღაპრებს მოითხოვდნენ, ისეთებს, არასდროს რომ არ ქონდათ გაგონილი.  ამ დროს მარია მათი გაჭირვების ტალკვესი იყო, ჩამოუქროლებდა ხოლმე ყველა სახლს, ოჯახს, სადაც ბავშვები ცხოვრობდნენ, ზღურბლთან კი ახალ ახალ ზღაპრებს ტოვებდა. მარია ხომ დღის ნახევარს ზღაპრების მოგონებას უთმობდა, ნახევარ ს კიდევ სიყვარულის ჩამორიგებას.

ერთხელაც მზე დაფიქრდა, ეს პატარ გოგო როგორ გაუძღვებოდა, როგორ აუვიდოდა ამდენი ადამიანის სიყვარულით ავსებას?  თანაც იმ დროს ადამიანები ვერ ხვდებოდნენ ჯერ კიდევ რა იყო სიკეთე, რა იყო სიყვარული.

ამიტომ მზემ გადაწყვიტა, რომ მარიას დახმარებოდა. როდესაც მარია თვალებგაბრწყინებული შეჰყურებდა მზის ამოსვლას, მასთან მზისგან გამოგზავნილი ანგელოზი მიფრინდა. – თქვა ვარსკვლავის მსგავსმა ფიფქმა და ცოტა ხნით გაჩუმდა. ანგელოზის ხსენებამ ყველა უფრო დაინტერესა. ირგვლივ ისეთი სიჩუმე იდგა ფიფქების სუნთქვის ხმასაც კი კარგად გაარკვევდა ადამიანი. თოლია თეოს მეორე ხელი შემოედო ლოყისთვის, რადგან ის წინა შემოდებული ხელი დაუბუჟდა.

–მაშინ ადამიანებს ანგელოზები ეცხადებოდნენ, რომ ეთქვათ თუ რა სურდა მზეს. – განაგრძო მრავალწახნაგამ. ანგელოზი ისეთი თეთრი და გამჭვირვალე იყო ჰაერისგან ძლივს გაარჩევდა კაცი, თუმცა მარიას, რა თქმა უნდა, ეს არ გაჭირვებია. ანგელოზს ფრთებიც ქონდა დიდი და ფიფქებით მოხატული. – ეს სიტყვები ამაყად წარმოთქვა ფიფქმა და თან სხვა ფიფქებს გადახედა, რომლებსაც სიამაყის გრძნობა ასევე აშკარად ეტყობოდათ.

–ანგელოზმა, მარიას მზის სხივების საჩუქარი გადასცა, პატარა არსება, პატარა ბავშვი, ბიჭი რომელსაც  სამყარო უნდა შეეცვალა, რომელიც თავად სიყვარულად მოევლინა კაცობრიობას. ბიჭი რა თქმა უნდა ბოლომდე ადამიანი არ ყოფილა, ის იმისთვის გამოგზავნეს ზეციდან რომ კაცობრიობისთვის ესწავლებინათ რა არის სიყვარული, რა არის სიკეთე…

 ასე იშვა, სიკეთე და სიყვარული დედამიწაზე. მარიამ მას იესო უწოდა, ზუსტად ასე ეს ოთხი ასო: ი ე ს ო.

რადგან მაშინ ადამიანებმა ბოლომდე არ უწყოდნენ რა იყო  სიყვარული და სიკეთე, ვერ გაიგეს რატომ გამოგზავნეს მათთან პატარა იესო, ან მარია რა შუაში იყო და გადაწყვიტეს მისი თავიდან მოშორება. – ფიფქებმა ამოიოხრეს, ფიფქების ამოოხვრაზე სევდიანი რამ, ბავშვებო მერწმუნეთ არ გექნებათ გაგონილი. პატარა თოლიაც შეწუხდა, რამისაა იტიროს, დიდრონი თვალის გუგები წყლით აევსო და ხელსაყრელ შემთხვევას ელოდებიან რომ გადმოიღვარონ.

–იესო ადამიანებს სიყვარულს ასწავლიდა. როგორ უნდა ეცხოვართ ისე, რომ სიყვარული მოესწროთ. ყველაზე მეტად მას ბავშვები უყვარდა, რადგან ბავშვზე მეტად სიყვარული არავის არ შეუძლია ამქვეყნად, მათზე ძლიერ ვერავინ ვერ განიცდის სიყვარულს ასე მძაფრად, ასე ღრმად. ბავშვების გულები ძალზე დიდია და ერთად აღებულ ორმოცდაათი უფროსის გულს უდრის. ეს კარგად იცოდა იესომ და იმ ქალაქის პატარების გულების დაპყრობა უკვე მოეწსრო.  ისე კარგად ყვებოდა თურმე ზღაპრებს და ათასნაირ ამბებს სიყვარულზე, სიკეთეზე მის მოსმენას არაფერი არ სჯობდა. ბავშვებსაც სხვა რა უნდოდათ მეტი, იდგნენ და უსმენდნენ, შეეძლოთ ასე მდგარიყვნენ მის გარშემო და მთელი  დღეები ესმინათ მისთვის, რომელიც რაღაც სხვა, მათთვის უცხო სამყაროზე უამბობდათ. ეს სამყარო რაღაცით მარიას  ოქრისფერ, მზის სამყაროსაც კი გავდა, მაგრამ უფრო მისაწვდომი და შესაძლებელი ჩანდა ვიდრე მარიასი. იესო ასწავლიდა, როგორ ჩაედინათ სიკეთე, როგორ დამსგავსებოდნენ იმ გაჭვირვალე, ფრთებზე ფიფქებ მოხატული ანგელოზს, რომელიც მარიას გამოეცხადა. მარიაც იქვე იყო, არ შორდებოდა ზეცისგან ნაბოძებ ბიჭუნას. თუმცა ეხლა აღარ ცდილობდა თვალებ დახუჭულს ევლო, რადგან იმ სამყაროში რომელ სამყაროსაც მარია პატარაობიდანვე გულით ატარებდა, იესოს თავად შეჰყავდა ხალხი. აღარ იყო იმის საშიშროება, რომ ადამიანები ამ სამყაროსთვის მზად არ იყვნენ, რადგან მისი ბიჭი მათ ამზადებდა და ამ სამყაროსაც პირდებოდა.

აი ასე დაიბადა და ასე ცხოვრობდა ერთხელ, ოდესაღაც, ჩვენთან დედამიწაზე თვით სიყვარული. – ფიფქს კიდევ სურდა რაღაცის თქმა, მაგრამ თავს იკავებდა, ფიქრობდა ვთქვა თუ არაო, ჯერ ადრე ხომ არ არის თოლია–თეოსთვისო, იცოდესო ამბის დასასრულიო. თუმცა ბოლოს მაინც გადაწყვიტა ამბის დასრულება, თოლია თეო აუცილებლად გაიგებსო, უნდა იცოდესო.

–მარია იღიმებოდა და ყვითელ იებს კვლავ აფრქვევდა, იესოსთან შეკრებილი ბავშვები კი მარიას იებს კრეფდნენ და მათზე ბედნიერი არავინ არ იყო იმ წუთას. როგორც ვთქვი, მაშინ ადამიანებმა არ იცოდნენ რა იყო სიყვარული, ამიტომ იმ ქალაქში გამოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც რომლებმაც მარიას და მის ბიჭს ვერ გაუგეს და იფიქრეს, რომ ზეცის მიერ გამოგზავნილი იესო შეიძლება საფრთხედ ქცეულიყო მათთვის, მათი ქალაქისთვის, მათი ბავშვებისთვის, მათ ბედნიერებისთვის. ის კი არ იცოდნენ რა იყო ბედნიერება, იესო სწორედ ამას განმარტავდა, ისინი კი ყურს არ უგდებდნენ, რადგან თავი ყველაფრის მცოდნეებად მოჰქონდათ.

უსიყვარულოდ და უსიკეთედ დარჩენილი ხალხი შეიკრიბა და გადაწყვიტეს იესო დაესაჯათ.. დაესაჯათ იმისთვის, რომ ის მათთვის უცნობ და გაუგონარ სიყვარულს და სიკეთეს ასწავლიდა ადმიანებს…

დასჯა კი იყო სასტიკი… თაფლისფერთვალება მარია ცრემლებად იღვრებოდა, კი იცოდა, რომ ისინი მზის მიერ ნაბოძებ ბიჭს ვერ გაანადგურებდნენ, რადგან მას ისე უსწორდებოდნენ როგორც ადამიანს.. კი იცოდა ეს, მაგრამ მაინც ტიროდა, რა ექნა დიდი გული ჰქონდა, ეს გული კიდევ  ცრემლებით ავსებოდა და ხომ უნდა გადმოღვრილიყო, ხომ უნდა დაცლილიყო მარიას დიდი გული?

რა თქმა უნდა, იესო ვერ გაანადგურეს, ის უბრალოდ იქ დაბრუნდა საიდანაც ადამიანებს მოევლინა სიყვარულის სასწავლებლად… ადამიანებს კი ყველაზე საოცარი, ყველაზე ლამაზი რამ – სიყვარული გვაჩუქა…

დაასრულა ფიფქმა თავის საოცარი ისტორია. თოლია–თეოს გული იმხელა გამხადრიყო, რომ მკერდში უკვე ვეღარ ეტეოდა… სიცივეს საერთოდ ვეღარ გრძნობდა..

მახსოვს, სახლში, რომ ამოვიდა სულ ერთიანად წითელი და ცხელი იყო, სიცხე გავუზომეთ სიცხე არ ქონდა, რომ ვკითხეთ რა დაგემართაო, (ბებიამ გამოთქვა ვარაუდი ალბათ ზამთრის სუსხმა შეახურაო) თეომ გვიპასუხა:

–იესოს, მარიას ბიჭის სიყვარული ჩამეღვარა ტანშიო, ჩემი გული სიკეთით გაივსოვო.

მერე გაიცინა, გაიცინა და ბოლოს ისე აკისკისდა მთელი სახლი ზანზარებდა,  იატაკი კი მზისფერი იებით მოფენილიყო.

ჩვენ გაოცებული ვუცქერდით და მხრებს ვიჩეჩდით, ასე უცებ რა დაემართა ჩვენს გოგოსაო.

                                                                                              ინა იმედაშვილი

Leave a comment

Filed under Uncategorized

ლეანა და სიხარულების შემგროვებელი

„ლეანა, ფრთებქათქათა გოგოვ, ფიფქების შემქმნელო,  შენთან ერთი პატარა ბიჭი გამოვაგზავნეთ, საკუთარი თვალით უნდოდა ეხილა ფიფქების შექმნის პროცესი, ჰოდა აუხდა ოცნება და ახლა სულ ზემოთ და ზემოთ უნდა იყოს უკვე.

ო, ეს ბიჭი როგორი ხელმარჯვეა რომ იცოდე! რასაც კი ხელს მოკიდებს ყველაფერს ოქროსა და ბრილიანტებად აქცევს, პატარა ჭანჭიკებისგან სამყაროებს ქმნის, ძველმანებისგან სასახლეებს, ჩვეულებრივი ქვიშისგან წითლად მოელვარე, ნამდვილ პლანეტებს!

აი, ესეთი ბიჭი წამოვიდა შენთან.

არ შეგეშალოს, დაუკვირდი: ბიჭს ოქროსფერი კულულები უნდა ჰქონდეს, დიდი თაფლისფერი თვალები, ცისფერი ზედა ეცმევა აუცილებლად, მაგრამ მთავარი მისი ღიმილია, როცა გაიცინებს, მაშინვე მიხვდები რომ ის ის არის – ბიჭი დედამიწიდან, ლეანასთან ფიფქების შესაქმნელად აფრენილი“.

ასეთი წერილი მიიღო ჩვენმა ლეანამ დედამიწიდან. ვისგან? ერთ-ერთი მეგობრისგან. ალბათ ყვითელგულა გვირილასგან, პატარა ცუგასგან ან კეთილი მოხუცისგან, ან პეპლის ფრთება ფერიასგან, ვინ იცის. მთავარი კი ისაა, რომ ლეანამ როგორც კი წერილი წაიკითხა ისე აფორიაქდა, ისე აუთრთოლდა პაწაწინა გული, რომ მისი თეთრი კაბა სულ ლურჯად აციმციმდა, ხოლო თვალები, ეს იასამნისფერი თვალები, ნამდვილ იასამნებად იქცნენ, გაზაფხულის სურნელებაც კი დააყენეს რამდენიმე წამი. სიხარულისგან ლეანამ ერთი შეიფართხალა, პაწაწინა ფრთები გამალებით ააფართხალა, აიჭრა ზემოთ, და სქელ, მბზინავ ნისლზე ისე გასრიალდა, როგორც ჩვენთან ყინულის მოედანზე სრიალებენ და ათასნაირ ჩახლართულ აკრობატულ ნომრებს ასრულებენ. გასრიალდა და რა გასრიალდა! მისი ნაკვალევი ცისარტყელებად იქცა, დედამიწაზე ჩამოწვა და ადამიანებს კიდევ ერთხელ მიეცათ ფიფქების შემქმნელის სიხარული ეხილათ და განეცადათ.

და, როდესაც ლეანა, დაეშვა თავის სამფლობელოში, ბიჭიც იქ დახვდა. იდგა მორცხვად, აღფრთოვანებული გასცქეროდა თვალისმომჭრელ სითეთრესა და აღტაცებისგან ტაშსაც კი შემოსცხობდა ხოლმე. ლეანამ მაშინვე იცნო ეს უცნაური ბიჭი, ერთის დანახვით ისე, ისე შეუყვარდა, თავი ვეღარ შეიკავა და ჩაეხუტა. გულში მაგრად ჩაიკრა. ბიჭის თმებს დედამიწის სურნელება წამოჰყოლოდა, ცაცხვის ყვავილების, იებისა და ენძელების, მაისის ვარდების განუმეორებელი არომატი.  იქ, შორეულ, წყლის პლანეტაზე გაზაფხული იდგა და ბიჭიც სწორედ გაზაფხულის მზის სხივს ამოჰყოლია ლეანასთან.

 და ლეანა მიხვდა, რომ დადგა დრო ფიფქების შემადგენლობაში რაღაც განსაკუთრებული ინგრედიანტი დაემატებინა, რომ მოსულიყო დრო ფიფქები შეცვლილიყვნენ. და ეს განსაკუთრებული ინგრედიანტი ამ ბიჭს უნდა ჰქონოდა თან, ჯერ არ იცოდა ლეანამ ზუსტად რა იყი ეს, მაგრამ გული უგრძნობდა რომ განსაკუთრებული რამ უნდა მომხდარიყო.

  • სიხარული, თან სიხარული წამოვიღე – ამოთქვა ბიჭმა. ლეანამ ახლაღა შეამჩნია,

მის პატარა სტუმარს ხელთ პაწაწინა გაქექილი ტომარა ეჭირა, ტომარა თითქოს მოძრაობდა და  მბრწყინავი ნაპერწკლები სცვიოდა. აშკარა იყო შიგნით რაღაც ან ვიღაც მალაყებზე გადადიოდა.

  • მაშ, მარტო არ ამოსულხარ? – ჰკითხა ლეანამ და თვალით ტომარაზე ანიშნა.

ბიჭმა გაუბედავად დაწყო:

  • ყველაფერი დეკემბრის ერთ ღამეს დაიწყო, როდესაც ყველას მშვიდად ეძინა,

როდესაც  ფანჯრიდან მხოლოდ უზარმაზარი მრგვალი მთვარე და სხვა ჩაბნელებული ფანჯრები მოჩანდა. მთვარე დეკემბრის იმ ღამეს უზარმაზარ სინათლის ბურთს წააგავდა, იმდენადა ახლოს იყო ჩემთან რომ მისი ლაქების თვალიერებას შევყევი, ამიტომ დაძინებაც შემაგვიანდა. მივშტერებივარ ამ  უზარმაზარ ბურთს, თვალს ვერ ვწყვეტ და  უცებ რაღაც წკარუნის ხმა მესმის, თითქოს ზანზალაკის, თითქოს ნაცნობი მაგრამ გახსენება რომ გიჭირს ისეთი მელოდიის,  ჭრიჭინას და ფუტკრის ბზუილი რომ შეართო,  წვიმის წვეთების რაფაზე წკარუნის. აი ასეთი არეულ-დარეული ხმები მოდის ჩემამდე. ხმებს ერთი ციცქნა ნათებაც მოყვა. ღია ფანჯრიდან შემოიჭრა, სინათლის წერტილი უცებ პატარა ფერიად იქცა, მწვანე ქუდითა და მხრებამდე ყვავილების საყურეებით, ყვითელ, ყავისფრად დაწინწკლულ ფრთებს იქნევს და წკრიალა ხმით მეუბნება, სიხარულების შეგროვება უნდა დაიწყოო, ძალიან გვჭირდება სიხარულების შემგროვებლებიო, ჩვენ კი არა უფრო სწორად თქვენ ადამიანებს გჭირდებათო, ყველანაირ სიხარულს რომ შეაგროვებ ლეანას წაუღეო, ის კი თავის ფიფქებით ისევ ადამიანებს დაუბრუნებთო. ოღონდ ისე რომ ყველას შეხვდეს სიხარულის პატარა ნამცეცი მაინცო.

ბიჭმა ამოსუნთქა. დაღლილიყო კიდეც, აბა როგორია ამხელა გზა გამოეარა. დედამიწიდან ცამდე. ლეანამ ღრუბლის სკამი შესთავაზა და ერთი ჭიქა თეთრი, ქათქათა ტკბილი სასმელითაც გაუმასპინძლდა. თეთრი ორცხობილებიც მიართვა. ბიჭი ჭამდა, გაოცებული ათვალიერებდა ლეანას საოცარ სამყაროს, თან ხელთ მოხტუნავე ტომარა ჩაებღუჯა რომ არ გაქცეოდა.  

ლეანა ყურადღებით უსმენდა, და გრძნობდა რომ მოვიდა დრო ფიფქების შემადგენლობის შეცვლის. თან უხაროდა, თან ეშინოდა, ვაითუ არ გამოვიდეს, ვაითუ ადამიანებს იმედი გაუცრუოს. მაგრამ ბიჭის კეთილი, ღრმა, სულ ცოტა სევდიანი თვალები, მისი თავდაჯერებულობა, შიშს უქარწყლებდა.

  • დამიტოვა ფერიამ აი ეს ჯადოსნური ტომარა და ასევე წკრიალითა და წკარუნით

გაუჩინარდა, ბოლოს თვალი მთვარის ერთ-ერთ ლაქაზე მოვკარი. მერე გავიგე თურმე ფერიებს ძალიან სწრაფად შესძლებიათ გადაადგილება. ისინი გონებით და აზრებით მოძრაობენ, საკმარისია გაიფიქრონ რომ მაგალითად აი, ახლა მარსზე მინდა გავჩნდეო და მაშინვე მარსის წითელ ქვიშაში ამოყოფენ თავს, ან უჰ, ეხლა სატურნის რგოლზე გავქროლდებოდიო, დამთავრებული არ აქვთ ფიქრი რომ სატურნის გარშემო ფარფატს იწყებენ.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა ლეანამ კარგად იცოდა, მაგრამ ბიჭი ისე საინტერესოდ ყვებოდა, რომ ინტერესით უსმენდა და შიგადაშიგ თავსაც უქნევდა.

  • ტომარა ჯადოსნური აღმოჩნდა. სხვანაირად აბა როგორ იქნებოდა, როცა ფერია

რამეს გჩუქნის, ის აუცილებლად ჯადოსნური უნდა იყოს. მას მერე სულ თან ვატარებდი.   ვცდილობდი ბავშვების, დიდების, ცხოველების, ფრინველების სიხარულებს შევსწრებოდი, რომ მათი კისკისი, წამიერი ბედნიერება, სიხარული – ტომარაში ჩასკუპებულიყვნენ. – ეს ბოლო სიტყვა ბიჭმა რაღაცნაირად ძალიან საყვარლად წარმოთქვა, გაიცინა და სიცილისას კი უცებ ნამდვილი იების კონა გადმოუცვივდა, ესეც კიდევ ერთი საჩუქარი მწვანექუდა ფერიასგან.

  • სიხარულები ცოცხლები აღმოჩნდნენ – ბიჭი თან ყვებოდა ამბავს, თან მორიდებით

კრეფდა ძირს დაყრილ იებს. ამ სითეთრეში იები და ლეანას თვალები ერთნაირად ბრწყინავდნენ.

 – ისინი უცნაურ ფორმებსა და ფერებს იღებდნენ და ტომარაშიც  უზომოდ ხმაურობდნენ და ჭყლოპინებდნენ. მოზრდილი ადამიანების სიხარული – ვარდისფერი გულებია, ბავშვის – ლურჯად მოკაშკაშე ვარსკვლავები, ძაღლის – ყვითელი მზესუმზირები, ჩიტების მწვანე სამყურები, ფისოების – ვერცხლისფერი ზარები, ნაძვის ხეების ოქროსფერი გირჩები, ყვითელგულა გვირილების – ცისფერი წვიმის წვეთები… სახლებსაც ჰქონიათ თურმე სიხარული, თეთრგულა მერცხლის ბუდეები – ცვიოდნენ და ცვიოდნენ ტომარაში.  ეს პაწაწინა ტომარა უამრავ სიხარულს იტევს. ვცდილობდი ყველას სიხარულს შევსწრებოდი და მათთვის ჩემი ტომარა შემეთავაზებინა. სიხარულები უარს არასდროს მეუბნებოდნენ, ტომარაში საკუთარ ადგილებს პოულობდნენ და იქიდან იწვევდნენ სხვა სიხარულებს. სანამ აქ ამოვიდოდი, სად აღარ ვიყავი ვეცადე რომ რაც კი სულიერი არსება არსებობს ყველას სიხარული შემეგროვებინა… ყველაზე კაშკაშა სიხარულები, მაინც ისინი არიან, ტირილისა და დიდი სევდის მერე რომ ჩნდებიან, დარდის მერე დაბადებული სიხარული – ცისარტყელები.

ლეანამ სიხარულის შემგროვებელს ტომარა ფრთხილად გამოართვა და გულზე მიიხუტა. ტომარამ მოძრაობა შეწყვიტა, მაგრამ ასმაგად გაკაშკაშდა…

  • სულ რამდენიმე თვე დაგვრჩა ფიფქების დედამიწაზე გაშვებისკენ – ისეთი წკრიალა

ხმით თქვა ლეანამ, ბიჭმა გაიფიქრა ლეანას და ფერიას ერთნაირი ხმა ჰქონიათო. – ამიტომ უნდა ვიჩქაროთ….

და დაიწყეს, ფიფქების შექმნის ამაღელვებელი, იდუმალი და საოცარი პროცესი… პატარა ღრუბელიც ყოველდღიურად ამარაგებდა მათ სასწაული ინგრედიანტებით, რომლებსაც როგორც უკვე იცით ჯადოსნური თვისებები აქვთ.

ჭრიან და ჭრიან ბიჭი და ლეანა ფიფქბეს, ას წახნაგებსა და ბზრიალებს, მოელვარეებსა და მაკურნებლებს. თან ლეანა უამბობს საოცარ ამბავს, ერთხელ, შორეულზე შორეულ წარსულში, როგორ გადაწყვიტა ცამ ადამიანებისთვის სიხარული და სიყვარული პატარა, ჩვილი ბიჭის სახით გამოეგზავნა, როგორ გაიზარდა მერე და ადამიანებს სიკეთე ასწავლა, სიყვარული ჩაუნერგა მათ გულებში. მერე… მერე აღარ გვინდაო თქვა ლეანამ და იისფერი ცრემლის ჩამოუგორდა, ამ ამბავზე მუდამ ეტირებოდა. მთავარი ის არისო, რომ ის დედამიწაზე დაიბადაო და  საბოლოო ბინა ყველა ცოცხალი არსების გულში დაიდოვო.

ბიჭი ბედნიერი იყო. აბა, რა ჯობია, ძალიან, ძალიან, წარმოუდგენლად მაღლა, იჯდე ფიფქების შემქმნელ ლეანასთან ერთად, თან ფიფქებს ჭრიდე, თან გასაოცარ ამბებს ისმენდე. და როცა ბიჭი იღიმებოდა, ამ უსაზღვრო სითეთრეში იისფერი იების ზღვა ჩნდებოდა,  ბიჭი ხომ გაზაფხულის მზის სხივებს აუყვანიათ ზემოთ და თან გაზაფხულის სურნელიც გაჰყოლია…

ლეანამ ფიფქებს სიხარულის შემგროვებლის მიერ შეგროვებული სიხარულები დაამატა. უნდა გენახათ, ეს სიხარულები რამხელა სიხარულით ამოფრინდნენ ტომრიდან, ერთი ჟრიამული და მხიარულობა გამართეს, მონაცვლეობით სკუპდებოდნენ ფიფქებზე და თავადაც ფიფქების ფორმას იღებდნენ. ზოგი წახნაგზე მოკალათდა, ზოგი შუაგულში, ზოგიც  გარშემო შემოერტყა. ბიჭი გაოცებული უყურებდა, როგორ იცვლიდნენ ფორმასა და ფერს, როგორ ემსგავსებოდნენ ფიფქებს… მოინუსხა იმ  სინათლითა და ბრწყინვალებით ისინი რომ ასხივებდნენ.

და როცა დედამიწის ყველა ფიფქი შექმნეს, ლეანამ ხელი მოკიდა, თავის ორი პატარა ფრთა შეაფრთხიალა და სულ ზემოთ აიჭრნენ. ერთი კი გაიფიქრა, გულში ბიჭმა, იქნებ მთვარეც ვნახო ახლოდანო ან სატურნის რგოლია, ვინ იცის იქნებ მართლაც…

ფიფქები პირველად დეკემბრის იმ დღეს წამოვიდა დედამიწაზე, ოდესღაც ბიჭს სავსე მთვარის ყურებაში რომ დაათენდა და ფერია ესტუმრა.

ეს ზამთარი დაუვიწყარი იყო. ცვიოდა სიხარულებთან შერწყმული ფიფქები დედამიწაზე და ადნებოდნენ ადამიანებს, ცხოველებს, მცენარეებს, სახლებს.

ჩიტების სიხარული მწვანე სამყურები – ადამიანებს ერგოთ, ჩიტებს – ძაღლების ყვითელი მზესუმზირები, ძაღლებს – ფისოების ვერცხლისფერი ზანზალაკები, სახლებს – ადამიანის ვარდისფერი გულები, ბავშვებს- სახლების მერცხლის ბუდეები, ნაძვის ხეებს – ბავშვების ლურჯი ვარსკვლავები და ყველა ცოცხალმა არსებამ დედამიწაზე ამ ზამთარს სიხარული გაცვალა.  ერთმანეთის სიხარული უხაროდათ და ყველა ბედნიერი იყო. პაწაწინა კენჭის სიხარულიც კი საგრძნობი და ხელშესახები გამხდარიყო.

ჰარმონიას მოეცვა ადამიანები, ცხოველები, მცენარეები, სახლები…

თოვდა და თოვდა, ცვიოდა ფიფქები და თან ზემოდან სიხარული მოჰქონდათ. ახალი წლის ღამეს კი ფიფქებმა ნამდვილი ფერხული მოაწყეს და ვინც სახლიდან არ გამოვიდა, ფანჯრები მოუხატეს და მათი წილი სიხარული იქ დაუტოვეს.

იმასაც ამბობენ, ახალი წლის ღამეს, ზუსტად 12 საათზე თუ კი ცას ახედავ და ძალიან, ძალიან კარგად დააკვირდები, შესაძლოა მოფარფატე ლეანა და სიხარულების შემგროვებელიც კი შენიშნო, ცისფერ მაისურიანი, ოქროსფერ კულულებიანი, სევდიან თვალება ბიჭი. ოღონდ ამ დეტალებს რა თქმა უნდა ვერ დაინახვ, უნდა წარმოიდგინო. და იქნებ გაგიმართლოს, ბიჭმა გაიცინოს და ერთი იების კონა შენც გერგოს.

და კიდევ, როგორ გგონია პაწაწინა კენჭის სიხარული როგორ გამოიყურება, რა ფერია და რის ფორმა აქვს?

მომწერე.

ინა იმედაშვილი

1 Comment

Filed under Uncategorized

ზამთარი ჩვენი სულებისა

source

ძალიან აცივდა იმ წელს. ყინვა ტანსაცმელში კანამდე ატანდა, კანიდან ხორცში, ხორციდან -ძვლებში, ძვლებიდან კი პირდაპირ სულს ყინავდა. შეშის ღუმელი შეუსვენებლად და დაუნანებლად წვავდა ნედლ, მოქვითინე, ახალგაზრდა ხეებს. მოჭრილებს იმისთვის, რომ ადამიანების ყინულებად ქცეული სულები გაელღო, გაეთბო.
ქარიც ამოვარდებოდა ხოლმე, იწივლებდა, იკივლებდა, აიტაცებდა წვრილ კენჭებს, მიწას, შემოდგომიდან მორჩენილ გამხმარ ფოთლებს, წაიღებდა, წაიღებდა ზეცამდე, მერე დაატრიალებდა, დააბზრიალებდა და მთელს დედამიწაზე გაშლიდა, გაფანტავდა.
თან როგორ ზუზუნებდა. მისი ზუზუნი, მისი მოთქმა – სიკვდილისწინა ძრწოლას ჰგავდა. სიკვდილისწინა შიშსა და სასოწარკვეთას. სიცივესთან ერთად აღწევდა ისიც სულებამდე, წეწავდა, გლეჯდა უკვე გაყინულ სულებს, ნაფლეთებად აქცევდა.
მხოლოდ გაზაფხულის ენძელებს და ვარდისფერ ყოჩივარდებს შეეძლოთ, გაემთელებინათ და გაელღოთ სიცივისგან გაყინული და ქარისგან დაფლეთილ სულები.
ასე იყო, ყოველ შემთხვევაში, აქ,ჩვენთან, პატარა ქალაქში, ასე გვჯეროდა და ასეც ხდებოდა ხოლმე.
მაგრამ იმ წელს ზამთარი გრძელი გამოდგა, თან სასტიკი, ძრწოლის მომტანი ქარი ახლდა, ერთად მოქმედებდნენ, ერთად მოჰქონდათ სასოწარკვეთა, უიმედობა, შიში.
ციოდა- მეთქი, თან ძალიან. გარეთ ეზოებში, ქუჩებში, უბნებში მრავლად ეყარნენ სიცივისგან მოკლული ფეხებაშვერილი ბეღურები. თვალ გახელილები, ნისკარტებ დაღებულები, ფრთებ ჩამოყრილები გაეშეშებინა ცივ ზამთარს.
უუუ, როგორ ციოდა.
ყველგან ატანდა ზამთარი, ჩითის ნაჭრებით საგულდაგულოდ დაგმანულ ფანჯრებში, ღუმლის მილებში შემოძვრებოდა და ცეცხლს გვიქრობდა, კვამლით გვახრჩობდა. იქნებ მოქვითინე, ნედლი, ახალგაზრდა ხეების გადარჩენა უნდოდა? ენანებოდა ადამიანის გასათბობად მსხვერპლად შეწირულები. არ ვიცი, იქნებ.
რამდენი პასუხგაუცემელი კითხვები დამრჩა, რამდენ იდუმალ მოვლენას ავუღელვებივარ მაშინ.
ჩაიდანი კი იდგა და თუხთუხებდა  მთელი დღე, მთელი ღამე. სულ არ ანაღვლებდა სახლში შემოჭრილი ქარები და ყინვები, არც ადამიანები აღელვებდა გაყინული და დაფლეთილი სულებით.
ადამიანებს კი აღელვებდათ – ჩაიდანი, ძალიან აღელვებდათ, პერიოდულად ცხელი ცაცხვის ყვავილების ჩაით ითბობდნენ სხეულებს, სულებსაც, ამიტომ ცდილობდნენ ჩაიდანს არ შეეწყვიტა თუხთუხი, ის კი დუღდა და დუღდა.
იმ წელს პაპა ძალიან შეაწუხა სიცივემ, სულსა და გულში უვლიდა. ღამე არ აძინებდა, სულ სციოდა, ვეღარაფრით გაეთბო სიცივისა და ავადმყოფობისგან ისედაც გაყინული ძვლები. განსაკუთრებით ძვლებამოცლილი, ნაოპერაციები , მარჯვენა ბერა თითს უჩიოდა, სიცივისგან ულურჯდებოდა, ძვალი არ ჰქონდა და ვერ აკავებდა ყინვას, რომლისთვისაც ერთგვარ სარკმლად, შესასვლელად ქცეულიყო პაპას ძვლებამოცლილი ბერა თითი, რომ თავისუფლად ეჯლიგინა და ენავარდა მის ბებერ სხეულში, გაეყინდა და გაეთოშა, მისი სხეულიდან კი ჩვენთანაც გადმოსულიყო, ჩვენს ხის ფიცრებისგან შეკოწიწებულ სახლში გამეფებულიყო და კიდევ უფრო გავეყინეთ,ისედაც სიცივისგან მოკანკალეები.
გადავწყვიტეთ, რამე გვეღონა, სანამ ბოლოს მოგვიღებდა გათამემებული, პაპას უძვლო თითიდან სახლში შემოჭრილი ზამთარი.
ჯერ ზეწრები დავხიეთ, ჩემი და  ჩემი დის წითელვარდებიანი, საზაფხულო, ნაირფრად მოქარგული კაბაც მივაყოლე, დავიწყეთ ჩვენი სახლის ხის კედლების ამოქოლვა. ნაჭრებს ვტენიდით ყველა ჭუჭრუტანაში, რომ ქარი და სიცივე შეგვეჩერებინა. დავყვებოდი ხის გაუთლელ, უხეშ ფიცრებს, ყურს ვადებდი, სულგანაბული ვუსმენდი, სადაც კი სიცივის გულისცემა და ქარის შემაძრწუნებელი ზუზუნი შემომესმეოდა, იქ ვჩურთავდი ფერად ნაჭრებს.
ნაჭრები რომ შემომელია, აბრეშუმის კოჭებამდე გრძელი ღამის  პერანგებიც ზედ მივაყოლე. ღამის პერანგებს ჩემი ღამეული სიზმრები და კოშმარებიც თან მიჰყვა.
სიზმრებით ამოვქოლე სახლის კედლები. დავრჩი სიზმრების გარეშე, ერთი კოშმარიც კი არ დამრჩა. დაიწყო გრძელი უსიზმრო, ნაცრისფერი ღამეები. წარმოსახვის და ფანტაზიის ეკრანი ჩაქრა.
ვერ დააკავა ზამთარი დასაგმანად გამეტებულმა კოშმარებმა. მაინც შემოიჭრა. ოო, როგორ ძალიან აცივდა. პაპა ისევ აკვნესდა. ისევ წყევლიდა გაჩენის დღეს. ისევ ნატრობდა მოუსავლეთში წასვლას. ისევ ელოდა სიკვდილს.
კვნესოდა, ტიროდა კაცურად, ბებერ კაცურად. სტკიოდა, აწუხებდა სიცივისგან დაბზარული და დასუსტებული ძვლები.
და გადავწყვიტე. რაც არის, არის,  წავალ მეთქი, იქნებ ვუშველო მეთქი, იქნებ მეთქი.
ავდექი და მოვისხი თავშალი – წენგოსფერი, მორთული ფოჩებით, მზისფრად ნაქარგი,  ბებიაჩემის – მკვნესარე პაპას ცოლის, ნაქონი და ნამზითვი. მიყვებოდა ბებიაჩემი: ბებიაჩემმა მომიქსოვაო, ზამთარს უძლებსო, ვერ ატანს შიგაო. ბებიაჩემის ბებიაჩემს ღამე უთენებია ამის ქოსვაში, ლოცვები უბუტბუტია, შელოცვები უთქვამს. მერე მზის გულზე დაუდია, მზეს გადაუხუნებია, ბებიაჩემის ბებიაჩემის დროინდელი მზის სხივები ჩარჩენილა შიგ, შიგ ჩასძინებიათ, ამ თავშალში. ამიტომ უძლებსო ყინვასო -თან მეფერებოდა, თან ჩამჩურჩულებდა თავშლის ამბებს ყინვისგან აქვითნიებული პაპას ცოლი, იგივე ბებიაჩემი.
ხელთ პაპას ჯოხი დავიჭირე, კაკლის ხისგან გამოჭრილი, მოხატულ-მოკაზმული. ფეხსაცმლის ძირებზე ჯაჭვები ამოვიხვიე, გავიხურე ფიცრის სახლის ფიცრის კარი. მივატოვე ღრიჩოებში გაჩრილი სიზმრები და წავედი.
წავედი – რომ როგორმე გადამერჩინა ჩემი ფიცრის სახლი, პაპა, ბებიაჩემი და ჩემი სიზმრები. გადამერჩინა გაყინვას, ქარისგან დაფლეთვას, ცაში ატაცებას და მერე მთელ დედამიწაზე მოფენას.
რაღა მეშველებოდა, რა მექნა, რა გზას დავდგომოდი, სამყაროს რომელ კუთხეში წავსულიყავი, მერე რომ დაფანტული ნაკუწები შემეკოწიწებინა, ამეწყო, გამემთელებინა, რეალურ დროდ მექცია ისევ წარსულის მოგონებებად დარჩენილი სახლი, პაპა, ბებია და თუნდაც მოთუხთუხე ჩაიდანი? დაკუწული კაბები, აბრეშუმის პერანგები და სანახევროდ გარეთ გამოკიდული კოშმარები?
წავედი.

მივდივარ, ნამქერი გარშემო მივლის, ყინვა გულამდე ჩაღწევას ლამობს, ქარი ნერვებმოშლილი ცდილობს მზეჩარჩენილი, წენგოსფერა თავშლის მოხდას. ერთი სული აქვს, მომხადოს, აიტაცოს, დაანაკუწოს, გააქროს, მოსპოს. ბეიაჩემის ბებიას ლოცვა მშველის, მისი ბუტბუტი ჩამესმის.
შვილო.
შვილი შვილო.
შვილი შვილი შვილო.
შვილი შვილი შვილი შვილო-
მზე – შენთანა, ლხინი – შენთანა.
ჭირი- იქა, ყინვაც  -იქა.
ქრისტეს დედავ მარიამო-
შავო კლდეო,
წითელ წყარო,
მთვარევ მრგავლო,
თეთრო ცხენო
და მხედარო.
შვილი ჩემი
შვილთა ჩემი
განაშორეთ
ავ გულსა.
ავ თვალსა.
ავ ყინვასა.
სასულეთში გადასახლებული დიდი ბებიების ბუტბუტი მიცავს, ფანტავს ნამქერს. წინ მივდივარ. ბებიაჩემი მიყვება(მაგონდება): გოგო ყოფილა ერთი, კეთილი, ლამაზი, ობოლი.
დედინაცვალი ყოლია ბოროტი და ავი. გამოუგდია ერთხელ სახლიდან გოგო, ზამთარი იდგაო. ოოო, როგორი სუსხიანი და ცივიო. წადი და მარწყვი მოუტანე ჩემს ქალსაო, ყვავილებიც მოაყოლეო, გაზაფხულის სურნელოვანი ყვავილებიო. უვლია ამ გოგოს უვლია და ზამთრის სულს და მბრძანებელს შეხვედრია. შესცოდებია გოგო და გამოუშვია ცოცხალი, გაუყინავი,
მარწყვებიც გამოუტანებია და ყვავილებიც ხარბი და ავი დედინაცვლისთვის. თავშალი ეფარა გოგოსო, წენგოსფერიო, ფოჩებიანიო მზის ფერი ყვავილებით დაქარგულიო.
ვიარე, ვიარე, ვიარე.
ცხრა მთა და ცხრა ზღვა, ცხრა მდინარე, ცხრა ღელე გადავლახე .
წმინდა გიორგის, თეთრ ბატონს ბატკანი ყავსო, ოქროსფეხებიანი. იმის მატყლი თუ შეაჩერებს ყინვას, სიცივეს – ისევ ყურთ ჩამესმის დიდი ბებიას ძილის წინ მოყოლილი ამბები.
გორაზე ტაძარია -ძველი დანგრეული, ხავსშეპარული კედლებით. ტაძარში საკურთხეველია – მიტოვებული და ობმოკიდებული.
წმინდა გიორგის ხატი მოწყენილია. იქვე ბატკანი ძოვს. მივდივარ ვიხუტებ, ვეფერები, ვეალერსები. ყინვა მიყინავს ბატკნის ენისგან ალოკილ და ლორწომოდებულ ლოყებს. მცივა, ლამისაა ვიღრიალო ისე მივლის სიცივე სხეულში.
ჟანგმოდებული მწვანე მაკრატელი თან მაქვს(ამით დავკუწე ზეწრები, პერანგები, სიზმრები. ამით მიკერავს ხოლმე ბებია ზაფხულში ყვავილებიან კაბებს, რომლებსაც მერე ზამთარში ვჭრი და კედლების ღრიჭოებში ვტენი). ვიღებ მაკრატელს ბატკანს შუბლზე ვაჭრი თავის ბატკნურ თმებს, ვიკრავ უბეში, გულთან ახლოს და მოვრბივარ.
სირბილით გადმოვდივარ ცხრა ზღვას, ცხრა მთას, ცხრა მდინარეს და ღელესაც.
ვბრუნდები სახლში.
სადაც სიცივისგან ატირებული პაპა კვნესის და ბებია გაყურებს ჩემს გზას. სადაც ფიცრებში საცოდავად მკვნესარე ჩემი ღამეული სიზმრები ებრძვიან ქარს და ზამთარს, იცავენ ჩემს სახლს – წარსულად ქცევისგან, ქარის აფრიალებისგან და გაფანტვისგან. რაღა მეშველება მერე, რაღა შეაგროვებს მათ ნარჩენებს, როგორღა ვაქციო წარსული მოგონებები რეალობად.
ქარი როგორ ზუზუნებს, როგორ ყმუის მშიერი მგელივით.
სახლში ვარ. მატყლს ვართავ, უხეშ ძაფად ვაქცევ წმინდა გიორგის ბატკნის თმებს.
ვიმარჯვებ ჩემს სპილენძის ყაისნაღს.
პაპას უძვლო თითის ზომებს ვიღებ და ვუქსოვ, ვუქსოვ საფარველს – რომ დაიცვას პაპას სხეული ზამთრისგან, დავიცვა ჩემი სახლი გაქრობისგან, წარსულში გადაბარგებისგან, ქარისგან ნაცარტუტად ქცევისგან. მერე რაღა შეაგროვებს ნარჩენებს.
სამი ღამე ვქსოვე.
სამი ღამე ლოცულობდა ბებიაჩემი.
სამი ღამე ტიროდა ბებერ კაცურად პაპაჩემი.
ბოლოს მოვქსოვე.
მოერგო, ბოლომდე შემოეხვია, კანთან შეხორცდა, შეეზარდა.
სიცივემ შეწყვიტა პაპაჩემის ბებერ სხეულში თარეში. რადგან სარკმელი მივუხურეთ ზამთარს, სახლშიც ვეღარ შემოვიდა, ვეღარ შემოჯლაგუნდა, ვეღარ აგვიწეწა სულები.
დათბა. თითქოს ქარიც ჩადგა.

…..
გაზაფხულია, მზე იხედება ჩემი სახლის ფიცრების ჭუჭრუტანებიდან. სიზმრები დამიბრუნდნენ. ფერებიც დაბრუნდნენ. ნაცრისფერი უხმოდ გაიძურწა. ჩიტები მოვიდნენ და ზამთრისგან მოკლული ბეღურები მიწას მიაბარეს. ახლა ვეღარსად ნახავდით ფეხებაშვერილ, თვალღია და ფრთებჩამოყრილ მკვდარ ჩიტებს.
ბებიაჩემი საკერავს მიუჯდა, ახალი ნაჭრები ფერად-ფერადები და დაქარგულები ამოიღო ძველი კიდობნიდან. კაბებს გვიკერავს მე და ჩემს დას,  ლამაზებს, ყვავილებიანებს, გაშლილებს.
პაპაჩემი შემოდის კარში. მაღალია, ზორბაა ვერ ეტევა, ხის სახლის ხის კარში. ხმამაღლა როხროხებს უხარია, თმას ისწორებს ბებიაჩემს ეხუმრება, თვალს უკრავს, თავს აწონებს.
მივდივართ. მე, ჩემი და და პაპა.
აქვე პატარა ტყეა, ენძელები და ვარდისფერი ყოჩივარდები უნდა დავკრიფოთ. წინ პაპა მიგვიძღვება, ძვალგამოცლილ თითს წმინდა გიორგის ბატკნის თმისგან ნაქსოვი საბურველი უმშვენებს.
მიხარია.
სიცივემ და ზამთარმა ვერ შესძლო მოგონებად ექცია ჩემი სახლი, პაპა, ბებიაჩემი, ბებიაჩემის ბებიაჩემი.
ისევ აწმყოა, აქ ვარ.
მომავალი ზამთრისთვის უნდა მოვემზადო.

                                      d9mtwr9-07a1f5e7-5f04-496e-99f2-c621318fb5f5

                     ინა იმედაშვილი

Leave a comment

Filed under ინა იმედაშვილი, მოთხრობები

უძინართა მზე – ჰორტენზია

giphy

 

თოვს, გადაუღებლად ბარდნის.  ფანჯრიდან ვიყურები, ვცდილობ თეთრად ქცეულ სივრცეში ნაცნობი ადგილები და ნივთები ამოვიცნო. ფიფქები დიდებია, ფიფქებისთვის შეუფერებლად დიდები.

„უძინართა მზე“ რამდენიმე დღის წინ ვნახე და აკვიატებულ ფრაზას ვიმეორებ: „ეს რა ჭირი გვჭირს, ტო“. „ტოებით“ საუბარი ძაან მოდაშია, რაღაცნაირად კარგ ტიპად წარმოგაჩენს.

ფილმი დანგრეულ, ძველ კინოში გაუშვეს. ასე ვეძახდით ამ შენობას – „კინო“. ნატა მასწავლებელმა წაგვიყვანა მე და ჩემი კლასელები. ფილმის დასასრულს ყველა ვტიროდით, განსაკუთრებით ნატა მასწავლებელი, თავის ბატისტის, მოქარგული ცხვირსახოცი სულ დაუსველდა. სახლში რომ მოვდიოდით, ხმას ვერცერთი ვერ ვიღებდით, რაღაცნიარად დავედუმებინეთ ამ ფილმს. იმ დროს, ჩვენ ყველანი უძინარები ვიყავით და ვფიქრობდით, რომ ეს მზე ჩვენიც იყო, თითქოს გადარჩენილი თაგვი – ჩვენც გვაძლევდა იმედს, რომ გადავრჩებოდით და აქედან გავაღწევდით. თავს რაღაც, დიდი ექსპერიმენტის ნაწილად ვგრძნობდით და არაფრის მოლოდინი არ გვქონდა, იქამდე, სანამ ნატა მასწავლებელი არ გამოჩნდა და თან მზე მოგვიტანა, უძინართა, უიმედოთა, სადღაც, დროის მარყუჟში ჩარჩენილთა – მზე. მზე -ჰორტენზია.

გვიანი შემოდგომის ერთ მოწყენილ, გაცრეცილ დღეს, მოწყენილობისგან რვეულის ბოლო ფურცელზე, გრძელთვალება გოგოებს რომ ვხატავდი, ნატამ კლასის კარი შემოაღო. ისეთი გამხდარი, ისეთი პატარა იყო, უკნიდან ბავშვი გეგონებოდა, წითელი თმა კეფაზე ვერცხლის ფოთლით დაებნია, მწვანე კაბა ეცვა და ხელთ პატარა, შავი ჩანთა ეკავა. ასაკს ვერ შეატყობდით, განსაკუთრებით მაშინ, საუბარს რომ იწყებდა. მისი ხმა ზარივით წკრიალებდა და მისი თვალები, აი, ეს უნდა გენახათ. აბრდღვიალებული, გაბრწყინებული შავი თვალები, რომლებიც განსაკუთრებით მაშინ ანათებდნენ, როდესაც თავის საყვარელ ან თავის დაწერილ ლექსს გვიკითხავდა. შემოვიდა და მოვინუსხე. მისი დახვეწილობა, არისტროკრატიული მიმოხვრა, გრძელი თითები, საჩვენებლ თითზე ლალის ბეჭედი, რაღაცნაირად უცხოდ და უცნაურად ჩანდა ამ გაქუცულ კედლებთან, რომლებსაც ადგილ-ადგილ ბათქაში ჩამოცვენოდა, კედლის გაზეთებს და ილია, აკაკის პორტრეტებს ბოლომდე ვერ დაეფარა და ისე დაეღო პირი, თითქოს დასცინოდა ჩვენს მცდელობას, რომ კლასი ოდნავ მოგველამაზებინა.

შემოვიდა ეს არაამქვეყნიური არსება, ჩვენს ნავთით მოპრიალებულ და გაშავებულ, აქა-იქ პარკეტამოყრილ იატაკზე შემოდგა ფეხი,  და ლექსის კითხვა დაიწყო. დაბალი, სასიამოვნო ხმა ჰქონდა, ტკბილი, ხავერდოვანი, „დგანან სექვოიის და ბებერი მუხის ძველი გიგანტები…/ცაა ქრიზანთემის, ზღვაა ქრიზანთემის, მზეა ქრიზანთემის…/ქამენია რაა? ახლა გულში ცეცხლზე ცეცხლის მიმატება…/ცაა ჰორტენზიის, ზღვაა ჰორტენზიის, მზეა ქრიზანთემა! ანა კალანდაძე/“

მიუხედავად იმისა, რომ ამ ლექსში სიტყვების უმრავლესობა გაუგებარი იყო,  მოგვაჯადოვა. ლექსის კითხვა რომ დაიწყო, ჩავისუნთქეთ და რომ დაასრულა ამოვისუნთქეთ. და, ამ დროს დააყოლა, რომ ეს არის პოეზია,  ასე რომ მოქმედებს ადამიანებზე. რომ მისი გავლენა უსაზღვროა და ცოტა საშიშიცო. გაყინული ხელებითა და დაზიანებული ღუმლიდან გამოსული კვამლით აწითლებული თვალებით დავიწყეთ მზე – ქრიზანთემების, ზღვა- ჰორტენზიების ხატვა, ნატა კი იდგა და კმაყოფილი ღიმილით აფასებდა ჩვენს ნამუშევრებს.

სახლში როგორც კი მოვედი, გადმოვიღე დიდი, საბჭოთა ენციკლოპედია და ყველა ის სიტყვები მოვძებნე, ამ ლექსში რომ იყო. მეორე დღეს აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველა ბავშვს უქექია ენციკლოპედიებში და ყველას ერთი სული გვქონდა, ამ ამბავს მასწავლებელს როდის ვეტყოდით. გაუხარდა, ძალიან გაუხარდა, თავშეუკავებლად, ვერც კი დამალა სიხარული. გვთხოვა, ლექსის განწყობას ჩავღრმავებოდით და წარმოგვედგინა, რა ემოციური მდგომარეობა ჰქონდა ამის დამწერს, რა ანაღვლებდა, ან რა ახარებდა.

ვდგები და ვიწყებ, ვცდილობ  არ ვუყურო მასწავლებელს, არც ჩემს კლასელებს. გარეთ გავცქერი სივრცეს, წვიმისგან გალუმპულ ხეებს. სიტყვები თავისით მწყდებიან და კლასში იფანტებიან:

„სხვა სამყარომ გაიელვა სულ ერთი წამით, ალბათ სიზმარში, ალბათ ღამით, მაშინ, როცა მთვარე წითლად ელვარებდა. დაბურული ტყე, აქა-იქ ფერიები დაფრინავენ, წკრიალი ისმის მათი ფრთების შრიალისგან, სექვოიები საუკუნეებს ითვლიან, ცად აზიდულა მათი დაკორძილი სხეულები. ვინ იცის რა ამბების და ისტორიების მომსწრეები არიან, ვინ იცის რა ამბებს ინახავენ.  მათ მუქ მწვანე ფოთლებში ოქროდ იღვრება ჰორტენზიად ქცეული მზის სხივები, ტყიდან გავრბივარ და ქრიზანთემების ზღვაში ვეშვები. არ ვიძირები, ეს ხომ ქრიზანთემებია.  გული მღელვარებისგან ლამისაა გასკდეს, თითქოს ცეცხლი მიკიდია, მაგრამ ქრიზანთემები და ჰორტენზიები,  გულს მიმშვიდებენ. და ფერიები, თავის წაგრძელებული ყურებითა და გვირილების, იგივე ქამენიების გვირგვინებით თავს დამტრიალებენ. ნამდვილი ნეტარებაა. მეღვიძება. ღამეა. ფანჯრიდან ვიყურები, ვარსკვლავი წყდება, სურვილს ვუთქვავ, სიზმარისეული სამყარო რეალობად მექცეს.“

სიჩუმეა. ყველა გაოგნებულია, ასეთი ინა არავის არ ახსოვს, სხვათაშორის არც მე, თან ნერვები მეშლება რა დამემართა, რა მჭირს. მოდის ნატა ჩემთან, მხარზე ხელს მადებს და მეუბნება:

–  ზღაპრულია შენი სამყარო ინა.  წერა უნდა სცადო, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგად გამოგივა. შემდეგ კლასს უბრუნდება:

– თქვენ ახლა მომსწრენი გახდით იმის, თუ პოეზიას  როგორ შეუძლია ადამიანის დაფარული ნიჭები გამოამჟღავნოს, ასეა, პოეზია ჯადოსნური ჯოხია, მისი ერთი შეხება და კონკია დედოფლად იქცევა.

ვიცინით, ზარი ირეკება.

ახლა ზამთრის არდადაგებია, არავინ არ ელოდა ამდენ თოვლს. დილით, აივნიდან რომ ვხვეტავთ, შუადღისას ისევ დევს.

ბებიაჩემი დარდობს, შეშის მოტანა ვერ მოვასწარით, და ახლა ძალიან გაჭირდება სველი შეშის გაშრობა.

ეს ამბავი, მეც მაფიქრებს. სკოლაში, შეშა რიგრიგობით დაგვაქვს. ჩემი ჯერი რომ მოვა, სველი შეშის წაღება მომიწევს, არაუშავს, როგორმე გავაშრობ, ვფიქრობ და თოვას თვალს ვერ ვაშორებ.

მეძახის ზამთრის სული, ფანჯარაზე მიკაკუნებს, ხარხარებს, გაჰკივის, თამაში უნდა.  ვეღარ ვუძლებ ცდუნებას, ვიცმევ ნარინჯისფერ ბოტებს, მეორადი ტანისამოსის ჯიხურში ნაყიდ, გახუნებულ ყვითელ პალტოს, თავზე ბებიაჩემის მოქსოვილ ბერეტს ვიფარებ და გავრბივარ. ჩემს უბანში, მთელი გზა მოყინულია, თან დამრეცია,  თოვლით დაფარული, ბავშვები ერთი ბოლოდან მეორემდე ციგით დაქრიან. თოვას უმატა. მოსაღამოვდა, ლამპიონები აინთო, მათ შუქზე, კიდევ უფრო მაგიურია ფიფქების ცვენა.

ხელთათმენები გასაწურია, თითები გაყინული. სახლში შესვლა არ მინდა, შუქი არ გვაქვს და არ ვიცი რა ვაკეთო, ლამფის შუქზე კითხვას მიშლიან თვალების გამო, თან ნავთიც ბევრი იწვება, ფითილს რომ მაღლა ვუწევ, კარგად რომ გაანათოს. ჩაწეული კი, კარგად გვყოფნის. ნავთის ფასმა მოიმატა, ამიტომ ვუფრთხილდებით. თან სველი შეშის გამო, დილით ღუმელის გასახურებლადაც ვიყენებთ. ჯერ არ მეძინება. ჩვენი მისაღები ოთახის შპალერის ორნამენტები უკვე შესწავლილი გვაქვს მე და ჩემს დას, პატარა რუკაც მივახაზეთ – კუნძულებითა და კონტინენტებით, ქალაქობანასაც შუქი უნდა, პაპასაც ეძინება ძველი ამბები რომ მოგვიყვეს, დედა ისევ საავადმყოფოშია – ექიმია, ასე რომ, რადგან, ჯერ არ მეძინება და თან სახლშიც გული არ მიმიწევს, თან უკვე გავიყინე და გარეთ ვეღარ დავრჩები, ნატა მახსენდება. რამდენიმე დღის წინ, ჩემი პირველი ჩანახატი დავწერე და ერთი სული მაქვს წავუკითხო, სკოლის დაწყებამდე ვეღარ ვითმენ.

ნატა მასწავლებელი ორი ქუჩის იქით ცხოვრობს, ვფიქრობ, სიურპრიზი მოვუწყო და ვესტუმრო.  ჩემებს სახლის ღობიდან ვეძახი, რომ მივდივარ. დასიპულ გზაზე სულ სრიალით მივქრივარ. და აი, ნატას სახლიც. სამ სართულიანი საერთო სახლის პირველ სართულზე ცხოვრობს. ჩვენთან, როცა ყველას ეზოიანი, საკუთარი სახლი გვაქვს, კორპუსში ცხოვრება რაღაცნაირად ეგზოტიკური და საინტერესოა. კარს გარეთ აბრა აქვს, ულამაზესი, ოქროსფერი ასოებით წერია: ნატა არაბული. ფრთხილად ვაკაკუნებ, რამდენიმე წუთში კარს მასპინძელი მიღებს და თბილი ღიმილით მეპატიჟება.

მისაღებ ოთახში მიმიძღვის. ადრე ნატა სოფელ ქისტაურის, რაფიელ ერისთავის სახელობის მუზეუმის დირექტორი იყო. სახლიც მუზეუმს მიუგავს, მთელს კედელს იკავებს უმშვენიერესი ნატო ვაჩნაძის პორტრეტი, რომელიღაცა ფილმიდან. პიტნის ჩაის მთავაზობს, სიხარულით ვთანხმდები, ცხელი ჩაი ახლა მისწრებაა ჩემთვის. ვჯდები პატარა მაგიდასთან, მაგიდას ყაისნაღით ნაქსოვი ულამაზესი სუფრა აფარია, მეც ვქსოვ ყაისნაღით, მაგრამ ასე კარგად ვერა. ვეკითხები ნატას, ვინ მოქსოვა. იღიმის და მეუბნება, რომ ქსოვა ძალიან უყვარს, რომ  ზამთრის გრძელი და თოვლიანი ღამეები ქსოვაში გაჰყავს, თან ფიქრობს, ბევრს ფიქრობს. მინდა ვკითხო რაზე ფიქრობს, მაგრამ მერიდება. თავადვე აგრძელებს, რომ მოგონებებით ცხოვრობს ახლა. ნატა მარტო ცხოვრობს, სულ მარტო. მისი მოგონებები ხშირად ლექსებად იქცევიან.  გამოაქვს დიდი ალბომი, წითელი ხავერდის ყდით. მოწიწებით მოაქვს, მის თხელ, გამხდარ ხელებში გრანდიოზულად მოჩანს. ამასობაში ჩაიც მზადაა, დახვეწილი, ვარდისფერი  ყვავილებით მოხატული და ოქროსფერი კანტით დამშვენებული ფაიფურის ჭიქით მოაქვს პიტნის ჩაი. ჩაის გაზაფხულის და ყვავილების სუნი მოჰყვება, ახლა ამ სუსხიან ზამთარში, მისწრებაა, რომ შენი ძარღვები, შენი სხეული მზით აავსოს და გაათბოს. ვშლით ალბომს, აქ ნატას ლექსებია, ლამაზი, მოგრძო ასოებით ჩაწერილი.

ლექსები მონატრებაზეა, გაზაფხულებზეა, მთებზეა, ცხენებით ჯირითზეა, აქ იმედგაცრუებებიცაა და დიდი ვნებებიც. ჩემსასაც ვუკითხავ, მოსწონს, უხარია, თვალები უკაშკაშებს. იდეა უჩნდება, სკოლაში დაბრუნებისას პოეზიის საღამო მოვაწყოთ. ვეთანხმები და ვაგრძელებთ კითხვას. გადავდივართ ანაზე, გალაკტიონზე. ამასობაში დაღამდა, უკუნია. დრო გაგვპარვია. ბებია მაკითხავს, გრძელი ჯოხით ხელში, სიბნელეში, თოვლიანი გზა რომ გაიკვალოს. ვემშვიდობები ნატას და  პირთამდე სავსე ელეგიებით,  ტრიოლეტებით, მზეებითა  და გაზაფხულებით, მივყვები ჩემს უსაყვარლეს ბებიას. მხოლოდ პოეზია არ მაკავშირებს ნატასთან, არის კიდევ რაღაც რასაც დღემდე ვერ ვივიწყებ.

ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რომ წლევანდელი ზამთარი ასეთი გრძელი, ცივი და თოვლიანი გამოდგებოდა. სკოლის არდადაგები გახანგრძლივდა, ბავშვებს ამ თოვლში სიარული გაუჭირდებოდათ, ზოგიერთი ახლო სოფლებიდან ფეხით დადის. ფარღალალა, უფანჯრო ფანჯრებიც ვერ იკავებდა სუსხს, ვერც დაჟანგებული ღუმელი ვეღარ უძლებდა ამ სინესტესა და სიცივეს. ამიტომ სკოლაში დაბრუნება გადაიდო. მთელს დღეებს „ჯეინ ეარის“ კითხვასა და ფანჯარაში ცქერაში ვატარებდი. დღეები ერთმანეთს ძალიან დაემსგავსა, პეიზაჟები გაიდღაბნა, სითეთრე უკვე აუტანელი გახდა. გარეთ გული აღარ მიწევდა, თოვლმა სიფაფუკე დაკარგა და გაიყინა, გამაგრდა. ფერები მომენატრა, სკოლაც, ბავშვებიც, ნატაც.

ეს ამბავი დილით აფეთქდა. ახლად გაღვიძებულს დამატყდა თავზე. ამ ამბავმა, თავზარი დამცა, გული გამიტეხა, ცრემლებად მაქცია, დიდ სევდასა და უიმედობას სწორედ მაშინ გავუსინჯე პირველად გემო.

წუხელ ნატა დაღუპულაო, მითხრა დედამ. გულითო, უცებ. არ უწვალიაო. სახლში უპოვიათ.

სიტყვები ლოდებად იქცნენ და პირდაპირ ჩემს თავზე დაეშვნენ.

სამ დღეში გადაწყვიტეს მისი დაკრძალვა, ქალაქის ზემოთა სასაფლაოზე. ქალაქს ორი სასაფლაო აქვს, ზემო და ქვემო. ზემოთა სასაფლაო, ბორცვებიანია, აღმართებით. სანამ აქ ამოვიდოდით სკოლა უნდა გაგვევლო. ნატა ჯერ სკოლაში მიასვენეს. ბევრი ვიტირეთ. გავუყევით სასაფლაოს ოღრო-ჩოღრო, თოვლიან, გაყინულ გზას.

მივყვები ჩემი მასწავლებლის სასახლეს, ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამომდის, თეთრ გზაზე, ჩემ მიერ დაყრილი ვარდის ფურცლები წითელ ალმასებად ბრწყინავს, ისევე, როგორც ნატას ბეჭედი. მივუყვები გზას და მახსენდება, ამბავი, რომელმაც ჩემს მასწავლებელთან სამუდამოდ დამაკავშირა.

ის დროა, საქართველომ როგორც იქნა თავისუფლება მოიპოვა, ყველას უყვარს სამშობლო, ყველა პატრიოტად გარდაისახა, „ჯოს, ჯოს, ჯოს“, ისმის ყველგან. ის დროა, აი საქართველო მხოლოდ ქართველებისთვის რომ უნდათ, ქართველობა ყველაზე ამაღელვებელი და ამავე დროს შთამაგონებელი, ინსპირაციის წყარო რომ გახდა ისეთი ამბების – თავისუფლებამ რომ მოიტანა, ისეთმა თავისუფლებამ – გააზრება რომ გაუჭირდათ, იდეა რომ ვერ გაიგეს, საკუთარ ნაჭუჭში რომ ჩაკეტა ხალხი.

ამ სულისკვეთებამ, მიტინგებმა, მეგაფონებმა და მიკროფონებმა ჩემს პატარა, წყნარ ქალაქშიც ჩამოაღწია და აგვაღელვა, ძალიან აგვაღელვა.

ბებიაჩემი ოსია, ოსი. ესე იგი, ქართველი არ არის, არადა საქართველო ქართველებსო? ძალიან ეშინია, ძალიან. ჩემთან არ იმჩნევს, მაგრამ ვგრძნობ. მაშინვე გარბის და ქმრის გვარზე გადადის, თავის ოსურ გვარს ივიწყებს, ჩურთავს, ინახავს. მიტინგზეც გამოდის, ამბობს, რომ ქართველია და ძალიან უყვარს თავის სამშობლო, რომ ის და აქ მცხოვრები, სხვა ოსები არაფრით არ განსხვავდებიან ქართველებისგან. მის ამ გამოსვლას ქალაქის გაზეთიც ბეჭდავს, ახლაც გვაქვს შენახული, გაზეთ  „ბახტრიონი“-ს გაცრეცილი, გაყვითლებული ნომერი. ბებია მაღალია, წარმოსადეგი, იისფერი პალტო აცვია, მშვენიერია.

მე და ბებია, მის სოფელში მივდივართ. სოფელი თიანეთშია, ბოჭორმა ჰქვია. ბოჭორმაში ბებიას დედა, ელიჭკა გვხვდება. ელიჭკა, ქერა, წითელლოყება ქალია, თავშალწაკრული, ჭრელი თვალებით. შეშინებულია. ბებიას უყვება ამბებს, ხან ოსურად, ხან ქართულად. მაინც მესმის, ვხვდები ამ შიშს. ვიღაცეები წაუყვანიათ, მასაც ეშინია არ წაიყვანონ, თავის სოფელი არ დაატოვებინონ. უყვება იარაღიან კაცებზე, სოფელში რომ დაძრწიან. ეს შიში ჩემზეც გადმოდის. გულში მრჩება, მაწუხებს, მაფიქრებს.  მიჩნდება ათასი კითხვა, ჩემი კლასელები რას იფიქრებენ, რომ გაიგონ ბებიაჩემის წარმოშობა? ხომ არ დამცინიან? იქნებ კლასიდან გამაგდონ კიდეც?

ჩემი ფიქრები მძიმდება, მძიმდება და უკვე შავი საბურველივით მახვევია გარსს. აღარ მახარებს არაფერი, დავდარდიანდი, სკოლის გაცდენა დამჩემდა, სკოლაში რომ მივდივარ თითქოს ფეხის წვერებზე დავიპარები. წერაც შევწყვიტე.

ისტორიის გაკვეთილზე, ნატა შემოდის და მასწავლებელს სთხოვს, რომ ცოტა ხანი მასთან გამიშვას. მე გაკვირვებული ვდგები და მივყვები. ჩავდივართ ეზოში, იქვე სკამზე ვსხდებით. ნატა მიყურებს, მიყურებს დიდხანს. მეუბნება, რომ თუ რამის თქმა მინდა, მომისმენს დიდი სიამოვნებით. რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ, ჩემი დაგროვილი შიშები კალაპოტს პოულობს და ამოხეთქავს, ვუყვები ყველაფერს, ელიჭკაზე, ბებიაჩემზე, შიშებზე, გადასახლებაზე. სირცხვილზე. მისმენს ყურადღებით. გამიღიმა, არაფერი უთქვამს, თავზე ხელი გადამისვა და გაკვეთილზე დამაბრუნა.

მეორე დღეს მე და ჩემმა კლასელებმა, ნატა მასწავლებლის გაკვეთილზე, პირველად წავიკითხეთ ვაჟა-ფშაველას „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“, ნატამ ყველას მერხებზე, ბიბლიოთეკიდან გამოტანილი წიგნები დაგვახვედრა, რომლებიც ამ წერილზე თავადვე გადაეშალა, თან გვთხოვდა, რომ ის ადგილები  გაგვეხაზა, რომლებიც იმ დროინდელი სიტუაციის შეფასებისთვის გამოდგებოდა. ვკითხულობდი  წერილს და ვგრძნობდი  ჩემი შიშები, გაურკვევლობა, სტერეოტიპები როგორ იმსხვრეოდა და იფანტებოდა. ამ თემას, სხვა გაკვეთილებიც დავუთმეთ, ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, ბავშვები თავისუფლად გამოთქვამდნენ აზრს. და მომინდა, რომ ჩემი ისტორიაც მომეყოლა. ჩემი შიშები გამეთქვა, რომ ისინი შიშებად აღარ დარჩენილიყვნენ. მომისმინეს, ვაჟას წერილიდან გახაზული ადგილები წაიკითხეს.

მივუყვები სასაფლაოს აღმართს, და ვფიქრობ ნატას სიზმრებზე, ერთხელ რომ გამიმხილა და მითხრა, ჩემი ძველი მოწაფეები მესიზმრებიან და გაკვეთილებს მიტარებენო.  ყველა მათგანი მოდის და ის სიტყვები მოაქვთ ჩემთან, მე რომ გავატანეო. სიტყვებს მიბრუნებენო.

თუ კი ასეა და სიტყვები ბრუნდება, მე ჰორტენზიების, ქრიზანთემების მზეს დავუბრუნებდი და იქნებ სულ ცოტათი მაინც გაეთბოთ ამ სუსხიან ზამთარს, ნატას პატარა, გაყინული სხეული.

ჩვენ, უძინართა, უსასოოთა, შეშინებული თაობა ვიყავით. ჩვენ ვოცნებობდით, რომ აქედან გაგვეღწია, რომ ჩვენს შიშებს გავქცეოდით. ვოცნებობდით, რომ ისეთი თავისუფლება გვღირსებოდა, წიგნებში რომ ეწერა, რაღაცნაირი,  ჯოებისგან და იარაღებისგან თავისუფალი თავისუფლება.

ნატამ  ჭუჭრუტანა დაგვიტოვა, საიდანაც გაღწევაზე, ჩვენ უნდა გვეზრუნა. ოღონდ ეს ჭუჭრუტანა მნიშვნელოვანი და არც ისე პტარა იყო.

და ერთხელ ცივ და ბნელ ოთხმოცდაათიანებში, ერთი პატარა ქალაქის, ერთ  დანგრეულ კინოში „უძინართა მზეს“ ერთად უყურებდნენ, სიფრიფანა, ასაკოვანი, ლამაზი მასწავლებელი და მისი რამდენიმე მოსწავლე. ჰოდა, აი, ის მომენტი რომაა, დათო, რომ შურისძიებას აპირებს და მანქანიდან პატარა ბავშვის სასახლე გადმოვარდება და დათო რომ გადაიფიქრებს, თავს დაანებებს. აი, იმ მომენტში მოგვიბრუნდა ჩევნი მასწავლებელი და გვითხრა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ადამიანს შეუძლია, რომ გააკეთოს, პატიებააო.

როგორც იქნა, ავედით სასაფლაოს დამრეც ფერდობზე. სიცივე უკვე ძვალ-რბილში ატანს, მსხვილი ფიფქები ცისფერ ჰორტენზიებად ქცეულა, ირგვლივ ფერიების ფრთების წკრიალიც გაისმის, ქრიზანთემების ზღვა კი ჩვენს ჩათრევას ლამობს. მარადიულ სიზმრებად მოსწავლეების სიტყვები და მზეები მიყვება ნატა მასწავლებელს.

„გული მღელვარებისგან ლამისაა გასკდეს, თითქოს ცეცხლი მიკიდია, მაგრამ ქრიზანთემები და ჰორტენზიები,  გულს მიმშვიდებენ.“

უკანასკენელ, ფოთლებგაუცვენელ ვარდს ვუტოვებ, უკან ვბრუნდები, ერთი სურვილით, რომ ოდესმე, ძალიან, ძალიან შორეულ მომავალში იქნებ მეც დავიბრუნო ჩემი სიტყვები,თუნდაც სიზმრად, თუნდაც ძილში.

f03d435173e52e5b6e51626ba58aa694ინა იმედაშვილი

2019.

Leave a comment

Filed under ინა იმედაშვილი, მოთხრობები

     ჯუდი ბლუმი; „აქ ხარ, ღმერთო? ეს მე ვარ, მარგარეტი“

 

                   shop_product_image_149214                              

 

ლიტერატურაში იშვიათად იპოვით ისეთ გულწრფელ პერსონაჟს, როგორიც მარგარეტ საიმონია. ეგეთი საყვარელი ბავშვი მე მხოლოდ ჭყიტა მახსენდება „ჯაფარადან“. თერთმეტი წლის მარგარეტი პირდაპირ გაგაოცებთ თავისი იუმორით და გულახდილობით.

ნიუ-იორკელი გოგონა, რომელსაც მშობლებმა მეტად რთული დავალება მიანდეს – თავად აერჩია რელიგია, ჩუმ-ჩუმად ღმერთს ელაპარაკება ხოლმე და ისეთ რამეებს უყვება, რასაც სხვასთან ვერაფრით იტყოდა. პირველი კოცნა, ბებიისგან შორს ყოფნა, მეგობრის ტყუილები… „აღარაა დრო, მკერდი გამეზარდოს?“ – ეკითხება მარგარეტი ღმერთს და საბნის ქვეშ დამალული სთხოვს დედას, ლიფი უყიდოს. მერე რა, რომ მკერდი არ აქვს და იმ ლიფში ბამბა უნდა ჩაიტენოს.

საიმონების ოჯახი საცხოვრებლად ნიუ-ჯერსიში გადადის და ეს მარგარეტისთვის ახალი თავგადასავლების დასაწყისი ხდება. ახალი სკოლა, ახალი მეგობრები, ახალი სახლი, რომელთან შეგუებაც ძალიან უჭირს და საპირფარეშო საკუჭნაოში ეშლება. სამაგიეროდ, ეზოში ბალახს მისი საოცნებო ბიჭი კრეჭს და მარგარეტიც წიგნს ამოფარებული ჩუმად ადევნებს თვალს მის საქმიანობას. და რატომ არ კრეჭს ბალახს მამა? კი, ძალიანაც უნდოდა და სცადა კიდეც, მაგრამ…

„ -ბარბარა, მიშველე! – იყვირა მამამ და სახლისკენ გამოიქცა. პირსახოცს ეცა და ხელზე შემოიხვია. შემდეგ კი იატაკზე უღონოდ დაეშვა და საშინლად გაფითრდა.

-ღმერთო ჩემო! – იყვირა დედამ, როდესაც პირსახოციდან სისხლმა გამოჟონა, – მოიჭერი?!

ამის გაგონებისთანავე გარეთ გავვარდი მამაჩემის ხელის მოსაძებნად. სადღაც წამეკითხა, რომ მოჭრის შემდეგ კიდურის შენახვა აუცილებელია, რადგან ზოგჯერ ექიმებს მისი უკან მიკერება შეუძლიათ. მთელი ეზო გადავაქოთე, მაგრამ ვერც ხელს და ვერც თითებს მივაგენი…“

არა, მამას, რა თქმა უნდა, არაფერი მოუჭრია, მაგრამ მარგარეტი რის მარგარეტია, თუ ყველაფერი ასე სასაცილოდ არ აღწერა. თუნდაც, რაბინის ლოცვა სინაგოგაში, როცა ხალხი ერთად დგებოდა და სხდებოდა, ლოცვებს ერთხმად კითხულობდა, მარგარეტი კი ქუდებს ითვლიდა და ჩუმ-ჩუმად ეცინებოდა.

მაგრამ მთლად ასე სახუმაროდაც ნუ გეგონებათ საქმე. მარგარეტ საიმონი საიდუმლო წრის წევრია, „ოთხი პასესი“, რაც – ოთხ პატარა სენსაციად იშიფრება და მასა და სამ მის თანაკლასელ გოგონას აერთიანებს.

და რაზე მსჯელობენ გოგოები საიდუმლო შეკრებებზე?

ექნებათ თუ არა ოთხი წლის შემდეგ ისეთი მკერდი, როგორიც „ფლეიბოის“ გოგონებს აქვთ.

როდის მოუვათ მენსტრუაცია.

მოსწონს თუ არა კლასის დამრიგებელს ლორა დენკერი, კლასში ყველაზე მაღალი გოგონა.

ვის შეხვდება ცეკვაში მეწყვილედ ფილიპ ლეროი, ბიჭი, რომელსაც ოთხივე ეპრანჭება.

თუმცა, მარგარეტი ხშირად იმიტომ მონაწილეობს ამ შეკრებებში, რომ მეგობრებს არ აწყენინოს. მისი მთავარი მესაიდუმლე კი სულ სხვა ადამიანია – ნიუ-იორკში მცხოვრები, მასზე ორმოცდაათი წლით უფროსი, ბრწყინვალე იუმორის მქონე ბებია, სილვია საიმონი.

სამოცი წლის სილვია ცოტა უცნაური ქალია. თმის ფერს თვეში ერთხელ იცვლის; სჯერა, რომ ყველა მატარებელი ბინძურია და გემრიელ საჭმელს ნიუ-იორკის გარდა, სხვაგან არსად ამზადებენ. ბებიასა და შვილიშვილს შორის უზარმაზარი სიყვარულის და ურთიერთგაგების ძაფებია გაბმული და მარგარეტიც, როცა რამე აწუხებს, ტელეფონს იღებს და თავის დარდს მსოფლიოში ყველაზე სასაცილო ბებიას უზიარებს.

ამ რომანში ხდება ის, რაც ყველა გოგოს ცხოვრებაში ხდება  პირველად და რასაც დიდი განცდები, სიხარული და უხერხულობები ახლავს თან. პატარა გოგონები წიგნში საკუთარ თავს ამოიცნობენ, უფროსები კი ცოტა ხნით ბავშვობაში დაბრუნდებიან და აუცილებლად გაეღიმებათ მარგარეტის ისტორიებზე.

ჯუდი ბლუმმა საოცარი წიგნი გვაჩუქა. ვერაფერს იტყვი. სწორად მოიქცა „Time”, როცა 2005 წელს წიგნი ბოლო ასწლეულში დაწერილ ას საუკეთესო ინგლისურენოვან ნაწარმოებში შეიყვანა.

მარი ბექაური

Leave a comment

Filed under მარი ბექაური, რევიუ

ურსულა ლე გუინი, „წყვდიადის მარცხენა ხელი“

wyvdiadis marcxena xeli-500x500

“გეთენელები” ერთმანეთს კაცებად ან ქალებად არ აღიქვამენ. დიახ, ეს ჩვენთვის ძნელად შესაგუებელია. გაიხსენეთ, პირველად რა შეკითხვას ვსვამთ ახალშობილის შესახებ?”

 

ურსულა ლე გუინის “წყვდიადის მარცხენა ხელმა” 1969-70 წლებში ერთდროულად მოიგო სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ორი უმთავრესი პრემია – “ჰუგო” და “ნებულა”. სულ ახლახანს კი გამომცემლობამ “წიგნები ბათუმში” და მთარგმნელმა ნიკა სამუშიამ ეს გამორჩეული ნაწარმოები, “ფანტასტიკური ბიბლიოთეკის” სერიის ფარგლებში, ქართულ ენაზე შემოგვთავაზეს.

 

პოლიტიკა და გენდერული საკითხი ცივ პლანეტაზე – ასეთი შეიძლება იყოს წიგნის შინაარსის მოკლე აღწერა. “წყვდიადის მარცხენა ხელი” დიდწილად ორი უცხოპლანეტელის მეგობრობისა და მოგზაურობის საგაა. დედამიწელი დესპანი გენლი აი პლანეტა გეთენზე მიემგზავრება, რათა იქაურებს ინტერპლანეტარული კავშირის – ეკუმენის – არსებობის შესახებ ამცნოს და იქ გაწევრიანებაზეც დაიყოლიოს. წიგნი მის გეთენურ თავგადასავალს გვიყვება.

 

გეთენი სპეციფიკური პლანეტაა. იქ გამყინვარების ხანა დგას, მუდამ ცივა, ხშირად თოვს, ზამთარი ძალიან მკაცრია. ამიტომ სხვა პლანეტების წარმომადგენლები მას “ზამთარსაც” უწოდებენ. ამ “მუდმივი ზამთრის” პლანეტაზე ერთგვარი ორსქესიანი ადამიანები ცხოვრობენ. უფრო ზუსტად რომ ითქვას, დროის უმეტეს ნაწილში მათი სქესობრივი ნიშნები გამოკვეთილი არ არის. სქესობრივ ლტოლვას მხოლოდ თვეში ერთხელ, რამდენიმე დღით, ე.წ. “კემერში” ყოფნის დროს განიცდიან. ქალის ან მამაკაცის სქესობრივი ნიშნებიც მხოლოდ კემერის დროს გამოეკვეთებათ, სხვა დროს კი ისინი უბრალოდ ადამიანები არიან და არა “ქალები” ან “კაცები”. დედამიწელებს და სხვა პლანეტების წარმომადგენლებს ეს უჩვეულოდ ეჩვენებათ და შეიძლება სახეობის დეგრადაციად, სქესობრივ სიმახინჯედაც კი მიაჩნდეთ, მაგრამ გეთენელთა ფიზიოლოგია ჩვენთვის ცნობილ რეალურ ადამიანთა საზოგადოებებში არსებულ დუალიზმს და ბინარულ აზროვნებას გარდაქმნის და უფრო ჰოლისტური აზროვნებით ანაცვლებს. რომანის რევოლუციურ ხაზს ძირითადად გეთენელთა აღნიშნული სქესობრივი თავისებურება და ბინარული გენდერული  როლების არარსებობა ადგენს. “გაითვალისწინეთ: გეთენზე მოსახლეობა არ იყოფა სუსტ და ძლიერ ნახევრებად, დამცველებად და დასაცავებად, მბრძანებლებად და მორჩილებად, ბატონებად და ყმებად, აქტიურებად და პასიურებად”.

 

გეთენის კიდევ ერთი თავისებურება ისაა, რომ იქ ომი არ არსებობს. პლანეტა ზამთარზე არასდროს უომიათ, თუმცა მცირემასშტაბიანი შეხლა-შემოხლა და მკვლელობები მათთვის უცხო არ არის. ავტორი მიგვანიშნებს, რომ შესაძლოა ეს მოვლენაც სპეციფიკური სქესობრივი ფიზიოლოგიითა და გენდერული დუალიზმის არარსებობით აიხსნებოდეს. თუმცა მეორე ვარაუდის თანახმად, ფართომასშტაბიანი აგრესიის – ომის – არარსებობა პლანეტის სუსხიან კლიმატს მიეწერება: შესაძლოა, გეთენელები მთელ ძალებს სიცივესთან ბრძოლას ახმარენ და ერთმანეთთან საომრად ძალა აღარ რჩებათ. მათ “ომისთვის არ სცხელათ”.

 

იმის თქმა კი დანამდვილებით შეიძლება, რომ გეთენელთა საზოგადოებრივ წყობას, ეკონომიკას, კულტურას, ფილოსოფიასა და რელიგიებს სწორედ ზემოხსენებული ორი ფაქტორი – სოციალურ გარემოში ასახული სქესობრივი ფიზიოლოგია და კლიმატის გავლენით შექმნილი ფიზიკური გარემო – განსაზღვრავს.

 

ურსულა ლე გუინის შექმნილ სამყაროში ასეთი მოცემულობა უფრო მეტ თანასწორობას, მთლიანობის შეგრძნებასა და ნაკლებაგრესიულობას განაპირობებს. თუმცა ეს სამყარო ადამიანური სიხარბისგან, პატივმოყვარეობისა და სისასტიკისგან დაცლილი არ არის.

 

სწორედ ამ პლანეტაზე ჩადის ეკუმენის წარგზავნილად დედამიწელი შავკანიანი მამაკაცი გენლი აი. იგი პლანეტის დიდ კონტინენტს სტუმრობს, სადაც ერთმანეთს ორი სახელმწიფო ესაზღვრება – ნახევრადფეოდალური კარჰაიდი და ძლიერად ცენტრალიზებული, ბიუროკრატიული ორგორეინი. სახელმწიფოთა მმართველები დესპანის გამოჩენას ენთუზიაზმით არ ხვდებიან. გენლი აი მათთვის “მუდმივ კემერში მყოფი”, გარყვნილი უცხოელია, რომელიც თავისი მოულოდნელი გამოცხადებითა და უჩვეულო შეთავაზებით მათ ძალაუფლებას საფრთხეს უქმნის.

 

თერემ ჰართ რემ ირ ესტრავენი – ეს არის სახელი იმ ერთადერთი ადამიანისა, რომელიც ეკუმენის დესპანს ენდობა და მის მისიას მხარს უჭერს. მიუხედავად ამისა, თერემი და გენლი ერთმანეთისთვის უცხონი, გაუგებარნი, უცხოპლანეტელები არიან, ამიტომ მათ დამეგობრებას გარკვეული დრო სჭირდება. საბოლოოდ, მათი მეგობრობა ძნელბედობის ჟამს ყალიბდება. ესტრავენს დესპანის მისიის მხარდაჭერის გამო საკუთარი სამშობლოდან განდევნიან, გულუბრყვილო და საქმეში ჩაუხედავი გენლი კი პოლიტიკოსების ვერაგობის მსხვერპლი ხდება. ორ განდევნილს, ორ უცხოპლანეტელს ერთობლივი დიადი მიზნის მისაღწევად – გეთენის ეკუმენში გასაწევრიანებლად – გრძელი და რთული გზის გავლა უწევს.

აია ბერაია

 

 

Leave a comment

Filed under აია ბერაია, რევიუ

ძნელია ღმერთობა

 

dznelia gmertoba-500x500

„კვირიდან კვირამდე ათასი ჯურის ვიგინდარასთან უხამსი ყბედობით იცვეთ ენას, შეხვდები ნამდვილ ადამიანს და ორი სიტყვას თქმასაც ვერ ასწრებ – მფარველობა უნდა გაუწიო, გადაარჩინო, სამშვიდობოს გაიყვანო. და ისიც მიდის. ისე მიდის, ვერ გაუგია, მოყვასს გადაეყარა თუ ახირებულ ნაბიჭვარს. ვეღარც შენ გაიგებ მის ავანჩავანს – რა უნდა, რისი მაქნისია, რით უდგას სული…“

 

  • სულ წერა-კითხვის, სულ წერა-კითხვის ბრალია, ძმებო! ბედნიერებას ფულით ვერ იყიდიო, ტეტიაც ადამიანიაო… გაუტიეს და გაუტიეს, ჯერ იყო და დამცინავი შაირების გამოთქმას მიჰყვეს ხელი, გავიხედოთ და – ბუნტი არ მომინდომეს?!
  • სარზე ძმებო, სუყველა სარზეა გასასმელი! ჩემი ნება რომ იყოს, აი, რას ვიზამდი – ეგრევე ვკითხავდი: წერა-კითხვა იცი? სარზე! ლექსების წერა გემარჯვება? სარზე! ანგარიში იცი? სარზე! მეტისმეტად ბევრი გცოდნია!

 

რუსი მწერლების, ძმების – ბორის და არკადი სტრუგაცკების რომანი „ძნელია ღმერთობა“ (Трудно быть богом) 1964 წელს დაწერილი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ნაწარმოებია. თავდაპირველად მხიარული, სათავგადასავლო, ალექსანდრე დიუმას მუშკეტერებისეული რომანის დაწერას გეგმავდნენ; თუმცა მას შემდეგ, რაც ნიკიტა ხრუშჩოვმა მოსკოვში მდებარე მანეჟის ისტორიულ შენობაში გამართულ გამოფენას „დეგენერატული ხელოვნება“ უწოდა და საბჭოთა ავანგარდისტ მხატვრებს დიდი სკანდალი მოუწყო[1], სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი ღიად დაუპირისპირდა აბსტრაქციონიზმსა და ფორმალიზმს. შედეგად, ნაწარმოების კონცეფცია კარდინალურად შეიცვალა.

„…კი ბატონო, დევნეთ წიგნისჭიები, აკრძალეთ მეცნიერება, მოსპეთ ხელოვნება – ადრე თუ გვიან მაინც მოეგებით გონს და კბილების კრაჭუნით მწვანე შუქს აუნთებთ ყველაფერს, რაც ასე სძულთ ძალაუფლების მოყვარულ უმეცრებსა და ბრიყვებს.“

სტრუგაცკების ნაწარმოების ყველაზე ამაზრზენი პერსონაჟი ულმობელი და სისხლიანი დიქტატორი – დონ რებაა, რომლის პროტოტიპიც ლავრენტი ბერიაა. დონ რებას თავიდან დონ რებია ერქვა, თუმცა ივან ეფრემოვის, რუსი მწერლის და პალეონტოლოგის რჩევის თანახმად, ასევე გამოუქვეყნებლობის შიშით, სახელი შეცვალეს. კომუნიზმის პოლიტიკური კონიუნქტურის ჩარჩოები კი – ცვლილების მიუხედავად, ძალიან ცხადად წარმოადგინეს.

ნაწარმოებიდან ვიგებთ, რომ კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელს, ისტორიკოს ანტონს სხვა პლანეტაზე გზავნიან, იქაური ცივილიზაციის გამოსაკვლევად. ყველაფერი, რასაც ამ პლანეტაზე მუშაობის თხუთმეტი წლის განმავლობაში შესწრებია, ფეოდალიზმის იმ ბაზისური თეორიის ფარგლებში თავსდება, რომელიც ლაბორატორიებისა და კაბინეტების სიჩუმეში, მტვრიანი გათხრებისა თუ დარბაისლური დისკუსიების დროს შეიმუშავეს… პერსონაჟი ხვდება, რომ შუასაუკუნეობრივი სიმხეცის ნორმალური დონე, ტოტალიტარული მმართველობა, განუკითხაობა, კანონების სრული უგულვებელყოფა – არკანარის „ბედნიერი“ გუშინდელი დღეა. დღეს ქვეყნის ცას სხვა აჩრდილი წამოსდგომია. ადამიანის სახის დაკარგვა, სულის წაბილწვა, გასასტიკება…

ჯალათების გულგრილი სისასტიკე და მსხვერპლთა გულგრილი მორჩილება… არკანარის კომუნისტური რესპუბლიკის სკოლებში სასწავლო სტერეოვიზორს მიმსხდარი მოსწავლეები ვერც ბოძებზე ჩამოკიდებული დამწვარი გვამების სუნს გრძნობენ და ვერც მტვერში მწოლიარე შიშველ, გაფატრულ გვამებს ამჩნევენ. „ადრეა მაგათთვის ფიქრი. არადა, ამაზე ადვილი რა უნდა იყოს – ათი ათასი ამისთანა უროსმცემელი, ერთი თუ გაიწიეს, ლავაშივით გააბრტყელებს ვისაც გინდა. მაგრამ საქმეც ის არის, რომ ჯერ ისე არ გაბრაზებულან, გაიწიონ. ჯერ მხოლოდ ეშინიათ. ყველა თავის თავზე ზრუნავს, მხოლოდ ღმერთი ზრუნავს ყველაზე…“

ნაწარმოები გვიჩვენებს რა ემართება კანონმორჩილ ადამიანს აბსოლუტური კონტროლისა და ძალადობის პირობებში. მის სულში არსებული ჰუმანიზმის ჭა, ოდესღაც უძირო რომ ეგონა, შემაშფოთებელი სისწრაფით შრება. თუ ერთ დროს ადამიანისადმი სიყვარულს და მოწიწებას ანთროპოცენტრიზმამდეც კი მიჰყავდა, ახლა საკუთარ თავს ეკითხება: „განა ესენი ადამიანები არიან? განა შესაძლებელია, ოდესმე ადამიანებად იქცნენ?“ ამ ხალხს სული უწმინდურებით აქვს სავსე და მორჩილი მოლოდინის ყოველი წუთი უფრო მეტად უბინძურებს. თავზარდაცემული მშობლების სახლებში იბადება ნაძირალა, მაბეზღარა, მკვლელი, სამუდამო შიშით გათანგული ათასობით პირმშო… “და მუდამ იქნება უმეცარი ხალხი, რომელიც აღფრთოვანდება თავისი მჩაგვრელებით და შეიძულებს თავის განმათავისუფლებელს. ეს იმიტომ, რომ ბატონისა, თუნდაც სასტიკის, მონას გაცილებით უკეთ ესმის, ვიდრე განმათავისუფლებლის; რამეთუ ყოველი მონა იოლად წარმოიდგენს თავს ბატონის ადგილას, მაგრამ ცოტა თუ შეძლებს თავი უანგარო განმათავისუფლებლის ადგილას წარმოისახოს.“

ქედმოხრილი კონფორმისტების გვერდით, არსებობენ კეთილი, ერთგული, თავგანწირული, უანგარო, კაცობრიობის სისხლიანი ისტორიის ყოველი ეპოქისთვის დამახასიათებელი ნათელი, უმანკო ადამიანები. მაგრამ, „რუხთა სიხარულისგან“ განსხვავებით, პროგრესი შორია… „ბრძოლა რომ შეგეძლოს, სიძულვილის უნარი უნდა გქონდეს“… განათლებულ ადამიანთა ხვედრი ხანდახან ლეგენდარული ღმერთების ტვირთზე უფრო ძნელია.

 

ნინო ნოზაძე

[1]Что это за лица? Вы что, рисовать не умеете? Мой внук и то лучше нарисует! … Что это такое? Вы что — мужики или педерасты проклятые, как вы можете так писать? Есть у вас совесть?

Очень общо и непонятно. Вот что, Белютин, я вам говорю как Председатель Совета Министров: все это не нужно советскому народу. Понимаете, это я вам говорю! … Запретить! Все запретить! Прекратить это безобразие! Я приказываю! Я говорю! И проследить за всем! И на радио, и на телевидении, и в печати всех поклонников этого выкорчевать!

Художников учили на народные деньги, они едят народный хлеб и должны работать для народа, а для кого они работают, если народ их не понимает?“

Leave a comment

Filed under ნინო ნოზაძე, რევიუ

და შემდეგ…

shop_product_image_1922

 

 

Memento mori 

Respice post te! Hominem te memento!

 

თანამოსასმენი: Alexandre Desplat – Afterwards – Wonder of  life

 

“…როცა ზაფხულის კაბით სილაში მორბენალს გიყურებდი, საოცრების მჯეროდა, მეგონა, სიკვდილი გვერდს აგივლიდა, შენ იქნებოდი ის ერთადერთი, სასწაულებრივად განკურნებული, წმინდა ემილი, რომლის ავადმყოფობის ისტორია მთელი მსოფლიოს ექიმებს საგონებელში ჩააგდებდა.

ერთ დღეს ტერასაზე მთელ ხმაზე ჩავრთე მუსიკა: ბახის გოლდბერგის ვარიაციები, რომელსაც ერთად ხშირად ვუსმენდით. შორიდან გიყურებდი და ტირილი მინდოდა. ამის ნაცვლად, გიღიმოდი და შენც კაშკაშა მზის ქვეშ ცეკვა დაიწყე. შემდეგ ხელებით მიხმე, რომ ერთად გვეცურა.”

ეს ნაწყვეტი თანამედროვე ფრანგ მწერალს, გიიომ მიუსოს ეკუთვნის. რომანი „და შემდეგ“ (Et après; Afterwards) 2004 წელს გამოიცა და დახვეწილი, გასაგები ენით დაწერილმა ამაღელვებელი სიყვარულის ისტორიამ მყისვე მოიპოვა მკითხველის მოწონება; საფრანგეთში მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა და ოცდასამ ენაზე ითარგმნა.

მიუსო 1974 წლის 6 ივნისს ანტიბეში, სამხრეთ საფრანგეთში დაიბადა. ლიტერატურის უკომპრომისო სიყვარულის გამო, ბავშვობიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ამ სფეროში გააგრძელებდა მოღვაწეობას. სკოლის დამთავრების შემდეგ, 19 წლის ასაკში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. თავი ნაყინის გაყიდვით გაჰქონდა და პირველი რომანის (Skidamarink) ფაბულას საგულდაგულოდ ამუშავებდა. მისი ნაწარმოებები გამოირჩევა ამერიკის ულამაზესი პეიზაჟების აღწერითა და არაჩვეულებრივი მუსიკალური რეპერტუარით (ბილ ევანსი, ნინა სიმონე, გლენ გულდი, კით ჯარეტი, შანია ტვეინი, ჰილარი ჰანი და მრავალი სხვა). როგორც ჩანს, საზღვარგარეთ ყოფნამ მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.

1991 წელს, მონპელიესკენ მიმავალი 24 წლის მიუსო მძიმე ავარიაში მოჰყვა. როგორც მწერალი იხსენებს, ავტოკატასტროფისას ნიცაში გატარებულ ბოლო ღამეზე, პირველ ღირსეულ სამსახურსა და ახალდაწყებულ სერიოზულ ურთიერთობაზე ფიქრობდა. სიცოცხლის დაკარგვის შიშმა და სასწაულებრივმა გადარჩენამ ისეთი მეტამორფოზა განაცდევინა, რომ კლინიკური სიკვდილის შესწავლა მისი მთავარი პრიორიტეტი გახდა. ეცნობოდა სამეცნიერო ლიტერატურასა და სხვადასხვა პაციენტების ისტორიებს. კითხულობდა თეოლოგიურ ნაშრომებს. საბოლოოდ, გადაწყვიტა, რომ საკუთარი თავგადასავალი მოეთხრო და ახალი რომანის ოთხმოცი გვერდი რედაქტორს გაუგზავნა. ამ უკანასკნელმა კი – ნაწარმოების გაგრძელება სთხოვა. ასე შექმნა გიიომ მიუსომ მეორე რომანი –  „და შემდეგ…“, რომლის მიხედვითაც რეჟისორმა ჟილ ბურდომ მისტიური თრილერი „სიკვდილის მძევალი“ გადაიღო.

ნაწარმოების მთავარი გმირი ღარიბი ემიგრანტის ვაჟი, ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადვოკატი – ნათან დელ ამიკოა. რვა წლის ასაკში მეგობარი გოგონას გადასარჩენად ტბაში გადახტა; მელორი სიკვდილისგან იხსნა, თვითონ კი – „სინათლის გვირაბში“ აღმოჩნდა…

…კლინიკური სიკვდილის შემდეგ, სიცოცხლე თავიდან დაიწყო.

თავისი ცხოვრების პირველი სიყვარული, ქალი, რომელიც ნანტაკეტში დახრჩობას გადაარჩინა, ცოლად შეირთო. სახელი გაითქვა და  ზემო ვესტ-საიდის პრესტიჟულ შენობაში დასახლდა.

ერთ დღეს, საადვოკატო ბიუროში მყოფს, მომნუსხველი აურის მქონე ექიმი ესტუმრა. ამ უკანასკნელისგან შეიტყო, რომ ხელმეორე და ამჯერად სამუდამო წასვლის თარიღი მოახლოვდა. ნათანი აგონიაშია; იმის დრო, რომ კარიერული წინსვლის ნაცვლად, ახლობელ ადამიანებზე იზრუნოს, აღარ არის…

„…ღმერთო ჩემო, რა სულელი ყოფილა! სიცოცხლეზე ძვირფასი რა უნდა იყოს? მოწყენილად გატარებული დღეც კი ცოცხალ ადამიანად ყოფნის დღე იყო. ამას ახლა ხვდებოდა. სამწუხაროა, უფრო ადრე რომ არ გაიაზრა ეს ყველაფერი.

ჰო, რას იზამ, შენ არ ხარ პირველი, ვინც ეს იგრძნო, მეგობარო. სწორედ ესაა სიკვდილის პრობლემა: კითხვების დასმას მაშინ იწყებ, როცა უკვე ძალიან გვიანია…“

მოუწევს თუ არა სასოწარკვეთილ პერსონაჟს გარდაუვალთან შეგუება, ნაწარმოებიდან შეიტყობთ. გარდა ამისა, ავტორი ადამიანის დანიშნულებაზე, გრძნობათა მარადიულობასა და სიკვდილ-სიცოცხლის ვიწრო ზღვარზეც დაგაფიქრებთ.

ნინო ნოზაძე

Leave a comment

Filed under ნინო ნოზაძე, რევიუ, Uncategorized

რადიარდ კიპლინგი აი, ასეთი ამბები

 

Just So Stories_Cover_PLC 5.5.indd

რადიარდ კიპლინგის სახელის შესახებ ასეთი რომანტიკული მითი არსებობს: მწერლის მშობლებს ერთმანეთი სტაფორდში, ინგლისის ერთ-ერთ საგრაფოში,  „რადიარდის“ ტბაზე გაუცნიათ და საკუთარი შვილისთვისაც ამიტომ დაურქმევიათ იმ დროისთვის უცნაური სახელი.

კიპლინგის შემოქმედებაზე უზარმაზარი გავლენა მისმა მოგზაურობებმა იქონია. მოგზაურობდა ინდოეთში (სადაც დაიბადა და საკუთარ სამშობლოდაც  მიიჩნევდა), აფრიკაში, იაპონიაში… დაგროვილ ამბებს, მოსმენილ ისტორიებს, შთაბეჭდილებებს ტექსტებად აქცევდა.  იგი ახალი ტიპის ლიტერატურული ზღაპრის შემქმნელია, განსხვავებული კეროლისგან და უაილდისგან.

ინდოეთის, აფრიკის სამყარო, რომელიც ასე განსხვავდებოდა დასავლეთისაგან, მისი უბრალოება, უჩვეულო, საინტერესო ისტორიები – არა მხოლოდ ტურისტული თვალით დაკვირვება, არამედ მისი შინაგანი ხედვა ჩანს კიპლინგის შემოქმედებაში.

ცხოველთა სამყაროს ფანტასტიკურ აღწერას სთავაზობს კიპლინგი ბავშვებს წიგნში „აი, ასეთი ამბები“. ავტორი პატარა მკითხველს უშუალოდ მიმართავს და მასაც  უფრო და უფრო იტაცებს, უფრო და უფრო უყვარდება „აი, ასეთი ამბები“.

რატომ არ ჭამს ვეშაპი ბიჭებს და გოგოებს, რატომ აქვს მას ასეთი ხახა, ვინ იმარჯვა და ვინ გადააჩვია იგი ადამიანების ჭამას; რატომ აქვს სპილოს ამხელა ხორთუმი, ლეოპარდს – ლაქები, აქლემს – კუზი; იცით თუ არა რატომ გაუჩნდა მარტორქას კანის ნაოჭები, პირველი ანბანი როგორ შეიქმნა, კატა თავისით როგორ დადის?

პატარ-პატარა მითები, ამბები პასუხებია კითხვებზე, რომლებიც ბავშვებს უჩნდებათ მას შემდეგ, რაც ისინი სამყაროს აღქმას და შეცნობას იწყებენ.  ამ კითხვებზე ზღაპრულად, ჯადოსნურად  გაცემული პასუხი  თაობებს ერთმანეთთან აკავშირებს.

ინდოეთში ცხოვრებისას კიპლინგი აგროვებდა ამბებს, რომლებსაც ტრადიციული  გადმოცემის ფორმები და თემები ჰქონდათ, თავად კი მათ ძალიან სასაცილო და მხიარულ ელფერს აძლევდა.

გაინტერესებთ, რატომ აქვს ხორთუმი სპილოს, რომელსაც ადრე მხოლოდ ერთი მოშავო, ამობურცული ღილივით ცხვირი ჰქონია?  ამ პატარა სპილოს ძალიან ჰყვარებია მოულოდნელი და ზოგჯერ უადგილო შეკითხვების დასმა.  მისი ერთი კითხვა თურმე ნიანგსაც ეხებოდა: „რომელია ნიანგი?“, „სად არის ნიანგი?“ ჰოდა, ერთხელ თავად ნიანგს მიადგა. აი, შემდეგ რა მოხდა და მიიღო თუ არა კითხვაზე პასუხი პატარა სპილომ, ან ის ღილივით ცხვირი როგორ ექცა ხორთუმად, ამის  გასაგებად აუცილებლად უნდა წაიკითხოთ  „აი, ასეთი ამბები“. წიგნი რომელიც დიდსაც და პატარასაც ერთნაირად დააინტერესებს, ჯადოსნურ,  წარმოუდგენლად საინტერესო სამყაროში ამოგზაურებს, ფანტაზიის უნარს განუვითარებს და  ბოლოსდაბოლოს, ცხოველების, ცოცხალი სამყაროს  მიმართ სიყვარულის  და თანაგანცდის გრძნობას გაუღვივებს. „აი, ასეთი ამბები“ განსაკუთრებით ძილის წინ საკითხავი წიგნია, რომლის წაკითხვის შემდეგაც ტკბილი, მშვიდი ძილი, ლამაზი, ფერადი სიზმრებით – გარანტირებულია.

ინა იმედაშვილი

 

Leave a comment

Filed under ინა იმედაშვილი, რევიუ, Uncategorized

წიგნები ცხოველებზე

44620_1

ბავშვების და მოზარდების უმრავლესობა დიდ სიამოვნებას იღებს ცხოველების შესახებ წიგნების კითხვით. მათი საინტერესო ისტორიების, განსაკუთრებული თვისებების და ხასიათის გაცნობით ადამიანი ბუნებასთან ჰარმონიას გრძნობს. ეს ჰარმონია კი უაღრესად საჭირო და აუცილებელია დღესდღეობით, როდესაც სამყარო ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას. გარდა ამისა, თანაგრძნობის, თანაგანცდის და სიყვარულის ჩამოყალიბებას ასეთი წიგნები მეტად ეხმარებიან და სხვა თვალით, სიღრმისეულად ახედებენ მკითველს ცხოველთა სამყაროს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ცხოველების შესახებ წიგნებზე, იმაზე, თუ როგორი გავლენის მოხდენა შეუძლიათ მათ ბავშვებზე და მოზარდებზე, „ბუქსითის“ ფსიქოლოგი ირმა კვაჭაძე ესაუბრა:

  1. წიგნები ცხოველებზე – მოგვიყევით მათზე, რომლებს გამოყოფდით?

 

ალბათ პირველი წიგნი, რომელიც ნებისმიერ მკითხველს გაახსენდება ცხოველებთან მიმართებაში, არის კიპლინგის „მაუგლი“, სადაც ადამიანი, პირდაპირი მნიშვნელობით, ცხოველების მიერ გაიზარდა. უფრო სწორად კი, მტაცებელი, ველური ცხოველების მიერ. ამას გარდა, მრავალ ნაწარმოებში ცხოველები მთავარ გმირებადაც კი გვევლინებიან – მსოფლიოს ნებისმიერი კუთხის ლიტერატურულ შედევრებში.  თუ ისტორიულ წყაროებს დავეყრდნობით, კანადელი მწერალი, ერნესტ სეტონ-თომპსონი მსოფლიოში პირველი ყოფილა, რომელსაც თავისი მოთხრობების გმირებად ცხოველები და ფრინველები გამოუყვანია. მთელი ცხოვრება ის თავისი გმირების ცხოვრებას სწავლობდა, შესაბამისად, ძალიან ნათლად აქვს გადმოცემული მათი ბუნება („მოთხრობები ცხოველებზე“,   „ როლფი ტყეში“…). შეგვიძლია გავიხსენოთ აგრეთვე სამი გოჭი, ჩექმებიანი კატა და ა.შ.  ამასთან, აღსანიშნავია ისიც რომ, ცხოველები არა მხოლოდ საბავშო წიგნებში გვხვდებიან მთავარ როლებში.

 

  1. როგორ გავლენას ახდენს ასეთი წიგნები მკითხველზე, ბავშვებზე?

ნაწარმოები,რომელის მთავარი პერსონაჟიც ცხოველია, არაერთგვარ რეაქციას იწვევს მკითხველში. ფსიქოლოგიურად ცხოველების სიმბოლოს საკმაოდ ღრმა და მნიშვნელოვანი   დატვირთვა აქვს. მაგალითად, ძაღლი ასოცირდება  მეგობრობასთან, ლომი – სიძლიერესთან და ა.შ. შვლის ნუკრი კი დაუცველ, უსუსურ არსებასთან, რომელსაც ადამიანისგან სითბო სჭირდება. ამ ნაწარმოებში განსაკუთრებულად ვხედავთ, თუ რამხელა ზიანი შეუძლია მოუტანოს ადამიანმა გარემოს, ცხოველს… ვფიქრდებით ჩვენს ცხოველურ (ველურ) ბუნებაზე.

 

  1. რამდენად საჭიროა ბავშვისთვის თავიდანვე შეუყვარდეს ცხოველთა სამყარო?

ცხოველის სიყვარულით ბავშვი სწავლობს ჩვენგან განსხვავებულის სიყვარულს, უსიტყვოდ გაგებას, ზრუნვას, რის განზოგადებაც ხდება სამომავლოდ ადამიანებზეც.  რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ ფანატიკურ სიყვარულს, ფანატიზმის ნებისმიერი გამოვლენა არაჯანსაღია.

 

  1. უწყობს თუ არა ხელს წიგნები ცხოველებზე იმას, რომ ბავშვი ტოლერანტული, შემწყნარებელი, ეკოლოგიური აზროვნების მქონე მოქალაქედ ჩამოყალიბდეს? ხომ არ დაგვისახელებდით კონკრეტულ მაგალითებს კონკრეტული წიგნებიდან?

 

დიახ, ზუსტად ამას ვგულისხმობდი განსხვავებულის დაფასებაში. როდესაც ვეცნობით  მათ სამყოფელს, იმ არეალს, სადაც უწევთ ცხოველებს ცხოვრება,  განსაკუთრებული ემპათიით ვიმსჭვალებით მათ მიმართ. არაერთ მულტფილმსა თუ ნაწარმოებშია გადმოცემული ტყის გაჩეხვის შედეგად უსახლკაროდ დაჩენილი ცხოველების ბედი.

მაგალითად, „ნემოს ძიებაში“ – სიუჟეტში ვხედავთ, როგორ დაზარალდა თევზების ოჯახი ადამიანის ქმედების გამო, როგორ ეძებს მამა თავის ერთადერთ შვილს, რომელიც ძლივს გადარჩა ოკეანის პირობებში და ადამიანმა დაიჭირა.

 

  1. ჯაჭვივითაა – ბავშვი, მოზარდი კითხულობს წიგნს ცხოველებზე, შემდეგ მას უჩნდება თანაგრძნობის და სიბრალულის განცდა მათ მიმართ.  ეს შეგრძნება მერე უკვე ადამიანების მიმართაც უყალიბდება. ცხოველებიდან – ადამიანებამდე. რას იტყვით ამაზე?

ადამიანის ბუნება, როგორც ცნობილია, მიმართულია განზოგადებისკენ, მას შეუძლია განაზოგადოს როგორც ნეგატიური გამოცდილება, ასევე პოზიტიურიც. მაგალითად, თუ უკბენს ძაღლი, დიდია ალბათობა, რომ შემდგომში ყველა ძაღლის მიმართ ჰქონდეს უარყოფითი დამოკიდებულება. ზუსტად ასევეა პოზიტიურიც – თუ ბავშვს ვასწავლით სხვაზე ზრუნვას, სიყვარულს, ვუხსნით, რომ დაუცველ, უსუსურ არსებას სჭირდება ყურადღება და მოვლა, ამით მყარ საფუძველს ვუქმნით მის ჰუმანურ ბუნებას.

  1. ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ აუცილებელია ბავშვს სახლში შინაური ცხოველი ჰყავდეს და უვლიდეს. რატომ?

 

ცხოველებთან ურთიერთობით ადამიანი დადებით მუხტს იღებს, ისინი გვჩუქნიან უანგარო სიყვარულს, სითბოსა და მადლიერების გრძნობას. როგორც წესი, ცხოველი ოჯახის სრულფასოვან წევრად იქცევა ხოლმე.  ბავშვი, რომელიც ცხოველს უვლის, მეტად აფასებს იმ მზრუნველობას, რომელსაც თავად იღებს ოჯახის წევრებისგან.

თუმცა, ეს ყველაფერი უცხოა იმ ადამიანისთვის, ვისაც ცხოველი არასოდეს ჰყოლია, არც ბავშვობაში და არც ამის შემდეგ.
ხშირად ადამიანს, რომელსაც ცხოველები არ უყვარს, უჭირს ადამიანის გარდა სხვა ცოცხალი არსების პატივისცემა.

 

  1. რას იტყვით ზოოპარკზე? ბავშვისთვის სტრესი ხომ არ არის დატყვევებული, შეწუხებული ცხოველების ყურება, ან ხომ არ ჩამოუყალიბებს მას გარკვეულ შეხედულებებს ცხოველებზე – რომ ისინი აუცილებლად ვოლიერებში უნდა იყვნენ? ან რომელი წლიდან არის მიზანშეწონილი ზოოპარკში მათი წაყვანა და მშობელმა როგორ უნდა აუხსნას ეს ყველაფერი?

ზოოპარკების არსებობა სადაო თემად თვლება უკვე დიდი ხანია. ერთის თქმით,  მისი არსებობის წყალობით ცხოველთა მრავალი ჯიში გადაურჩა გადაშენებას, მეორენი თვლიან, რომ არ გვაქვს უფლება შევაჩეროთ ბუნების კანონზომიერება და ცხოველი, რომელიც გადაშენების საფრთხის წინაშე დგას, თავად უნდა ადაპტირდეს. გარდა ამისა, კრიტიკის საგანი ხდება პირობები, რომლებშიც ცხოველები იმყოფებიან. თუმცა xx საუკუნის დასაწყისში ზოოპარკის არსებობის ისტორიაში პირველი მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, რევოლუციური ცვლილება მოხდა – გალიები ცხოველთა საბინადრო გარემოს ანალოგის მიხედვით შექმნილი ვოლიერებით შეიცვალა. ამ რევოლუციის ავტორი – გერმანელი კარლ ჰაგენბეკი – ჰამბურგთან მდებარე ზოოპარკის მფლობელი და დირექტორი იყო.

ასეთ პირობებში ცხოველების ნახვა სასიამოვნო პროცესია და ფსიქოლოგიური ტრავმაც მათი დატყვევებული მდგომარეობის გამო მინიმალურია.

ვერ გეტყვით, რომ ვოლიერებში ცხოველების ნახვას შეუძლია მათი აუცილებლად ვოლიერში ყოფნის შეხედულების გაჩენა. ამ დროს მთავარია მშობლისა და შვილის კომუნიკაცია, როგორ მიაწოდებს მშობელი შვილს ზოოპარკში მყოფ ცხოველზე ინფორმაციას.

 

  1. ამავე თვალსაზრისით, რას გვეტყვით ცირკზე?

 

ცირკზე ნაკლებად დადებითი შთაბეჭდილების ვარ და აქ სუბიექტურ აზრს ვერ გავექცევი. იქ ძირითადად შოუსთვის იყენებენ თითოეულ ცხოველს, და გარკვეული ასაკის შემდეგ (როდესაც ვეღარ ღებულობენ წარმოდგენებში მონაწილეობას) მათ ზოოპარკში ან თავშესაფარში აბარებენ.

 

  1. თბილისში დატრიალებული ტრაგედიის დროს საზოგადოების ერთი ნაწილი წუხდა იმაზე, რომ საზოგადოების მეორე ნაწილს მხოლოდ ცხოველები ეცოდებოდა და მათ ამბავს განიცდიდა. რას ეტყვით მათ ამის შესახებ? ამბობენ, რომ თუკი ცხოველი გიყვარს, შეუძლებელია ადამიანი არ გიყვარდეს.

კიდევ ვიტყვი, რომ რადიკალიზმი და ცალხაზოვნად რაღაცის მტკიცება არასწორად მეჩვენება.  მართალია, ნამდვილი ტრაგედია იყო რაც თბილისში დატრიალდა, ნამდვილად არ შეიძლება მიემხრო და გეცოდებოდეს მხოლოდ ადამიანები ან მხოლოდ ცხოველები. თითოეულმა ადამიანმა უნდა გავაცნობიეროთ ის პასუხისგებლობა, რაც სხვაზე ზრუნვის აღებას მოჰყვება. სახელმწიფო ზრუნავს მოსახლეობაზე, ზოოპარკის ადმინისტრაცია – ცხოველებზე და ა.შ. შესაბამისად, არ გვაქვს არანაირი მორალური უფლება, არ გვეცოდებოდეს ჩვენ მიერ დატყვევებული ცხოველი.

 

  1. დავუბრუნდეთ ისევ წიგნებს ცხოველებზე. ამ წიგნებს, უფრო მასშტაბურად, რა სარგებლის მოტანა შეუძლია ბავშვისთვის, მისი ღირებულებების და პიროვნების ჩამოყალიბების თვალსაზრისით?

 

წიგნები ასწავლიან ადამიანს ჰუმანურობას, მეგობრობას, ზრუნვას, ურთიერთობას, სიყვარულს… სიმართლე გითხრათ, ნაკლები მნიშვნელობა აქვს მეგობრობის მაგალითისთვის, ცხოველების  მეგობრობის ისტორია გვხვდება თუ ადამიანების. მთავარია ასაკის შესაფერისი ლიტერატურის შერჩევა, მერე კი კითხვებზე პასუხის გაცემა, თუ ისინი გაჩნდებიან კითხვის დასრულების შემდეგ.

Leave a comment

Filed under ბავშვები და მოზარდები, ირმა კვაჭაძე